„მასშტაბი იმაზე დიდია ვიდრე წარმომედგინა“ - შშმ გოგოებზე სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სმაინისტრომ შშმ გოგოების მიმართ სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დაწყებულია ინფორმირებული პირების გამოკითხვა.

გუშინ, 5 ივნისს, პოლიციას და ასევე პროკურატურას მიმართეს შშმ ქალების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა, რომლებიც „ბათუმელებთან“ ამბობდნენ, რომ არსებობს ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია არასრულწლოვან შშმ გოგოებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები.

დღეს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე „შშმ ქალთა ალიანსის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისთვის მომხდარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთ-ერთმა სმენადაქვეითებულმა პირმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში ღიად ისაუბრა.

დეა ერემაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები, სავარაუდოდ, სამი წელია ხდება. საუბარია 8-დან 18 წლამდე გოგოებზე. მისივე თქმით, არსებობს 27-ზე მეტი ვიდეოჩანაწერი, რომელთაც სამართალდამცავებს წარუდგენენ.

„მე მომმართა აქტივისტმა, რომელმაც იცოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ლაივჩართვებში მიმდინარეობდა აღნიშნული საკითხის განხილვა…

ასაკი, როგორც ჩემთვის ცნობილია, 8 წლიდან იწყება. არის სხვადასხვა ტიპის ძალადობაზე საუბარი, არასასურველ შეხებაზე, უფრო მძიმე ფორმაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გაგზავნაზე, მაგრამ ამ გოგონებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მესამე პირზეც გავრცელდებოდა აღნიშნული ვიდეო…

რეალურად, გამოჩნდა ის პრობლემა, რომ როდესაც ხდება ყრუთა თემის სეგრეგაცია და არ ისწავლება ჟესტური ენა სკოლაში, შესაბამისად, სხვა საზოგადოებას არ გვაქვს ამ ადამიანებამდე წვდომა და შესაფერისი კომუნიკაცია შშმ თემსაც, სამწუხაროდ.როგორც ჩვენთვის ცნობილია აღნიშნული ფაქტები სამ წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს, მაგრამ ვერავინ ხმას ვერ იღებდა“,- უთხრა ჟურნალისტებს დეა ერემაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვინ არიან მოძალადეები?, – ერემაშვილი პასუხობს, რომ: „თვითონ თემის წევრები.“

მისივე ინფორმაციით, „მასშტაბი იმაზე დიდია, ვიდრე წარმოედგინა.“

„ძალიან ბევრი ვიდეოა გავრცელებული, ჩვენამდე, სადღაც 27 ვიდეო მოვიდა, რომლებზეც ასახულია არა მხოლოდ სექსუალური ძალადობა, არამედ სქესობრივი აქტიც პატარა გოგოებთან. ახლახან ვუყურე ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც გოგონა ჯგუფურ გაუპატიურებაზე საუბრობს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ერემაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამჟამად დეა ერემაშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.