მასშტაბური დასაქმების პროცესში სოციალურად დაუცველებს შემწეობა არ მოეხსნებათ, სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი - პრემიერი

პუბლიკა

მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მის განცხადებას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ღარიბაშვილის თქმით, 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოციალური პოლიტიკის კუთხით გატარებული რეფორმებით ეკონომიკური პარამეტრები არსებითად გაუმჯობესდა და უთანასწორობის დონე მკვეთრად შემცირდა.

„2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოციალური პოლიტიკის, ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმებით, სახელმწიფოს როლის ზრდით, რომელიც როგორც ბიზნესის სტიმულირებაში, ისე რიგითი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა გრანტებისა თუ თანადაფინანსების მექანიზმების შექმნაში გამოიხატა, ეკონომიკური პარამეტრები არსებითად გაუმჯობესდა და უთანასწორობის დონე მკვეთრად შემცირდა. საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციების დაკავებისა თუ რეალური ცხოვრების გაუმჯობესების მიუხედავად, ჩვენს ეკონომიკას კვლავაც გააჩნია სტრუქტურული პრობლემები. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა სოციალური პოლიტიკაა, რომელიც დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან თითქმის 300 000-მდე შრომისუნარიან მოქალაქეს უმუშევრობისა და უმოქმედობისკენ უბიძგებს.

ჩვენ უნდა შევქმნათ საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები და ამ ადამიანებს ქვეყნის აღმშენებლობაში ჩავრთავთ, მივცემთ მოტივაციას, სოციალური დახმარების მიღებასთან ერთად, დაიწყებენ სამუშაოს, შეძლებენ აიმაღლონ კვალიფიკაცია ან ახალი პროფესია აითვისონ. მასშტაბური სამუშაო ძალის დასაქმება და მათი ჩართვა ეკონომიკაში საშუალებას მოგვცემს, ეტაპობრივად შევამციროთ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, შემწეობის ნაცვლად მათ უკეთესი ხელფასი უნდა მივცეთ, დავასაქმოთ, ჩავრთოთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და შრომისუნარიანი ადამიანები კონკურენტულ, მოტივირებულ მოქალაქეებად ვაქციოთ, რომლებიც შრომის ბაზარზეც სრულფასოვნად ჩაერთვებიან. მე მინდა აღვნიშნო, რომ მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმისთვის. ფაქტია, რომ მხოლოდ შემწეობის იმედზე ყოფნა, უმუშევრობა, მოტივაციის არარსებობა ადამიანებს უბიძგებს, ჩაერთონ აზარტულ თამაშებში, ჩაებან ნარკომანიის მანკიერ წრეში და როგორც საკუთარი თავები, ისე მათი ოჯახები გააუბედურონ. მეგობრებო, ეს უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.