მასშტაბური კონცერტი ბარსელონაში | პირბადეებითა და სწრაფი ტესტის პასუხით

პუბლიკა

ესპანეთში, ბარსელონის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში როკ-მუსიკის მოსასმენად 5 ათასი ადამიანი შეიკრიბა, –  მისი ორგანიზების შესახებ სააგენტო Associated Press წერს. ორგანიზატორების თქმით, ეს იყო პირველი კომერციული ღონისძიება ცოცხალი აუდიტორიით, რომელიც პანდემიის დროს ევროპაში ჩატარდა.

სააგენტოს განცხადებით, ამავე დღეს კორონავირუსის სწრაფი ტესტის გავლის შემდეგ, 5 ათასმა ადამიანმა შეძლო მუსიკის თავისუფლად, live-რეჟიმში მოსმენა. ერთადერთი მკაცრი წესი, რომელსაც კონცერტის ყველა მონაწილე იცავდა, იყო მაღალი ხარისხის იმ პირბადის გამოყენება, რომელიც გულშემატკივრებს თავად ორგანიზატორებმა მიაწოდეს.

კონცერტის ბილეთების საფასური, 23-28 ევრო იყო, რომელშიც სწრაფი ტესტისა და სახის ნიღბის ღირებულებაც შედიოდა.

„ჩვენ შევძელით, ცოტა ხნით აგვერიდებინა რეალობისთვის თავი და გაგვეხსენებინა ის დრო, როდესაც მსგავსი რაღაცები ნორმალური იყო. სამწუხაროდ, დღეს ასეთი რაღაცები არანორმალურია“, – განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, ხოსე პარეხომ.

ბილეთის მყიდველებმა ბარსელონაში სამი ადგილი აირჩიეს, სადაც კონცერტის დღეს, დილით ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარება შეეძლოთ. მობილურ ტელეფონზე ბილეთის გააქტიურების კოდი მხოლოდ მათ მიიღეს, ვისაც ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა.

გულის დაავადებების მქონეებს, სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ან მათ, ვისაც ბოლო პერიოდის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულებთან, კონცერტის ორგანიზატორებმა სთხოვეს, რომ ბილეთის მისაღებად საერთოდ არ დარეგისტრირებულიყვნენ.

როგორც AP წერს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალულია დახურულ სივრცეებში 4-ზე მეტი პირის შეკრება, კონცერტის მონაწილეებს შეეძლოთ თავისუფლად შეკრება, რადგან ესპანურ როკ-ჯგუფის Love of Lesbian შოუს ჰქონდა სპეციალური ნებართვა ესპანეთის ჯანდაცვის ორგანოებისა და ექსპერტების წარმომადგენლების მხრიდან.

სააგენტო Associated Press ამბობს, რომ კონცერტს მხარი დაუჭირეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ბარსელონას შიდსისა და ინფექციური დაავადებების ფონდის ექსპერტებმა, რომლებმაც ასევე დეკემბერში 500-კაციან კონცერტს გაუწიეს ორგანიზება, დააკვირდნენ და დაასკვნეს, რომ ანტიგენის ტესტებით წინასწარი სკრინინგი და სახის ნიღბების გამოყენება ხელს უშლიდა კონცერტის დროს ინფექციების გავრცელებას, იმის მიუხედავად, რომ ვერ ხერხდებოდა სოციალური დისტანცირება.

„ეს კიდევ ერთი პატარა ნაბიჯია პანდემიის დროს კონცერტებისა და კულტურული ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარებისკენ“, – თქვა ვირუსოლოგმა დოქტორმა ბორის რევოლომ, რომელიც კონცერტის ჯანმრთელობის პროტოკოლების შემუშავებაში მონაწილეობდა.

ღონისძიების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონცერტიდან ერთ კვირაში კორონავირუსი დაუდასტურდებათ, დაუკავშირდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებს და ამ ინფორმაციის საშუალებით, მკვლევრები შეძლებენ კონცერტის მონაწილეთა შორის ინფექციის დონის ანალიზს.

ფოტო: © AP Photo/Emilio Morenatti
ფოტო: © AP Photo/Emilio Morenatti
ფოტო: © AP Photo/Emilio Morenatti
ფოტო: © AP Photo/Emilio Morenatti
ფოტო: © AP Photo/Emilio Morenatti
ფოტო: © AP Photo/Emilio Morenatti
ფოტო: © AP Photo/Emilio Morenatti
ფოტო: © AP Photo/Emilio Morenatti
ფოტო: © AP Photo/Emilio Morenatti
ფოტო: © AP Photo/Emilio Morenatti