მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული.

საქმეზე ამ დრომდე ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე იყვნენ დაკავებულები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 1 ოქტომბერს, 22:15 საათზე, არასრულწლოვნები ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე, ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო, უკან გაჰყვნენ [..] სასწავლო ცენტრიდან გამოსულ გიგა ავალიანს.

დაახლოებით 800 მეტრის გავლის შემდეგ 22:20 საათზე, ალექსანდრე გაბაშვილი მიუახლოვდა გიგა ავალიანს და შემობრუნებისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რასაც მისი თანმხლები გიორგი რიკაძე ტელეფონით იღებდა.

დარტყმისთანავე გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მიღებული დაზიანების შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

რაც შეეხება ახალ დაკავებულებს, უწყების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილი იყო, მძიმე დანაშაულის მომზადების და ჩადენის შესახებ, მომხდარი დანაშაულის თაობაზე სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ისინი დღეს, 20 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახით 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება წინა პერიოდში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ ორ პირს:

ალექსანდრე გაბაშვილს წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი რიკაძეს წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.