საბავშვო ლიტერატურული კლუბის დამფუძნებელი, მასწავლებელი მიშიკო მუმლაძე დღეს, 22 აპრილს ქუთაისში დააკავეს.
ოჯახის წევრები მას 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ.
დაკავებამდე მიშიკო მუმლაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში მივიდა, სადაც ჰომოფობიური კანონის დასამტკიცებლად საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა იმართებოდა.
„ქართულ ოცნებას აქვს საყოველთაო-სახალხო შეხვედრა ხალხთან მესხიშვილის თეატრში და არ მიშვებენ შიგნით. არადა, არასრულწლოვნებს და ოჯახის ღირებულებებს ეხება. ოჯახიც მყავს და 300 მოსწავლე კიდე.
მამუკა მდინარაძე, უთხარი შემომიშვან“. – დაწერა მან.
4 საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მუმლაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – ხულიგნობის მუხლით დააკავეს. ის ახლა პოლიციის განყოფილებაშია და მალე სასამართლოში გადაიყვანენ.
საქმის კურსშია სახალხო დამცველი.