განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
მინისტრის განცხადებით, მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა 2024 წლის ივლისიდან ამოქმედდება.
როგორც გიორგი ამილახვარმა განაცხადა, მიმდინარეობს ცრუ, დეზინფორმაციული კამპანია, რომ თითქოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2024 წლის სექტემბრამდე არ გეგმავს მასწავლებლებისთვის ანაზღაურების ზრდას.
მინისტრი ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება და მის ფარგლებში მოხდება, „ბოლო წლების განმავლობაში მასწავლებელთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდა“.
მინისტრის თქმით, ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. რაც მისი თქმით, არის ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება.
მინისტრს ბრიფინგზე არ უსაუბრია უფრო კონკრეტულ დეტალებზე, თუ რა პრინციპების გათვალისწინებით მოხდება პედაგოგებზე ხელფასების გადანაწილება. როგორც მან განმარტა, ამჟამად კვლავ სახელფასო პოლიტიკის შემუშავების სამუშაო ეტაპია და საბოლოო გადაწყვეტილებები დეკემბერში გახდება ცნობილი.
„ახალი სახელფასო კონცეფცია მოიცავს პედაგოგებისთვის ხელფასის უპრეცედენტო ზრდას და სრული დატვირთვის პირობებში ამჟამინდელ არსებულ ხელფასებთან მიმართებაში, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა ბოლო წლების განმავლობაში იქნება უპრეცედენტო – სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია, არ განხორციელებულა.
2024 წელს განათლების გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი გამოყოფილი არის სწორედ საჯარო სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების გასაზრდელად. ჩვენ გვინდა, მოვახდინოთ ფუნდამენტური გარდატეხა სახელფასო პოლიტიკაში და მასწავლებლებს ღირსეული ანაზღაურება შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ არ წავედით უფრო მარტივი გადაწყვეტილების გზით და არ დავჯერდით იანვრიდან მასწავლებლებისთვის მხოლოდ 125-ლარიან სახელფასო მატებას. მიგვაჩნია, რომ ეს ვერ შეცვლიდა ძირეულად არსებულ სახელფასო მიდგომას. ამიტომ ჩვენ სახელფასო პოლიტიკის გადახედვის დროს, აქცენტს ხელფასის ზრდაზე გავაკეთებთ….
მნიშვნელოვანია, რომ სისტემამ მოახდინოს ახალ სახელფასო ფორმულაზე გადასვლა. სწორედ ამ მიზნით, არსებული ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, რომელიც სრულად იქნება მიმართული მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე, 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა – ეს 6 თვის პირობებშიც კი პედაგოგებისთვის იქნება 4-ჯერ მეტი გაზრდილი შემოსავალი, 2024 წლის წლიურ ჭრილში, ვიდრე იანვრიდან გაზრდილი 125-ლარიანი დანამატი“, – განაცხადა მინისტრმა.
16 ნოემბერს პედაგოგებმა განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართეს და მოითხოვეს, ხელფასის ზრდასთან დაკავშირებული დაპირება 2024 წლის იანვრიდან შევიდეს ძალაში.
ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ხელფასი მოიმატებს 2024-25 სასწავლო წელს, ანუ სექტემბრიდან. პედაგოგები მოითხოვენ, რომ ხელფასი 2024 წლის იანვრიდან გაეზარდოთ, ისევე, როგორც ეს ემატება სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებს.
ამავე თემაზე პედაგოგებმა პეტიცია გაავრცელეს, რომლითაც ხელფასის ზრდას იანვრიდან ითხოვენ. ამჟამად პეტიციას 7500-ზე მეტი პედაგოგი აწერს ხელს.