საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65% ვაქცინირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
„ხაზგასასმელია, რომ მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში იმართება. შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის ამცრელი კაბინეტები გამოყოფილია საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აქტიურად მიმდინარეობს როგორც საჯარო და კერძო სკოლების, ასევე პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაცია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების სამინისტროს ცნობით, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს.