მასწავლებლები სოციალური და პოლიტიკური საკითხების ცოდნის გარეშე | ახალი პროგრამა რუსეთში

პუბლიკა

რუსეთში განათლების სამინისტრო „მომავალი თაობის მასწავლებლის“ პროექტზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პედაგოგიური უნივერსიტეტების უნიფიცირება მოხდეს და მასწავლებლების კურსები ერთი სისტემით წარიმართოს, ცალკეული „ექსცესებისგან“, გადახვევებისგან თავის დასაზღვევად.

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ წერს, რომ ახალი პროგრამის დაანონსების შემდეგ აღმოჩნდა, რომ უნიფიცირებულ სისტემაში ადგილი არ დარჩა სოციოლოგიის, კულტურისა და პოლიტიკის მეცნიერებების სწავლებისთვის. მომავალი თაობის მასწავლებლებისთვის ამ მიმართულებით განათლება პრიორიტეტული აღარ იქნება.

„სოციალური განათლება მასწავლებლებს შორის კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე წიგნიერება. მათ არ იციან ლიტერატურის ისტორია, ცოტას კითხულობენ კლასიკას, ჩვენ გარშემო არსებულ რეალობაზე ცოდნას კი გაზეთებიდან იღებენ. ეს მაქსიმ გორკის სიტყვებია, რომელიც მან 1928 წელს დაწერა მათ შესახებ, ვინც მწერლობას ესწრაფოდა.

მას შემდეგ დრო გავიდა, მაგრამ შეგვიძლია იგივე ვთქვათ ჩვენს ახლანდელ მასწავლებლებზეც – მეტიც, კარგი იქნება, თუ ისინი გაზეთებს მაინც კითხულობენ“, – ამბობს „ნოვაია გაზეტასთან“ ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი ნინა ლობანოვა, რომელიც ახალ ინიციტივას აფასებს.

პედაგოგიური უნივერსიტეტები ახალ კურიკულუმზე გადადიან, რომელიც ემყარება „უმაღლესი პედაგოგიური განათლების საფუძვლებს“. ახალი კურიკულუმის მიხედვით, სოციალურ და ჰუმანიტარულ მოდულში შენარჩუნებულია ფილოსოფიის, ისტორიის, ეკონომიკისა და სამართლის სწავლება. ხოლო სოციოლოგია, კულტურისა და პოლიტიკის მეცნიერებები მთლიანად ამოღებულია.

„პარადოქსი! სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მოდულს აკლია ამ მეცნიერებების მთავარი კომპონენტები. ვიღაცებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ეს მაინც კონკრეტული ცვლილებებია და არ მოახდენს მასწავლებლების მომზადებულობაზე გავლენას. მაგრამ ასე არ არის… მასწავლებლები პედაგოგიური უნივერსიტეტებიდან მოდიან, ეს სასწავლებლები კი არ ითვლება საუკეთესო უნივერსიტეტებად, ქვეყანაში მცირე გამონაკლისების გარდა.

პედაგოგიურ უნივერსიტეტებს, როგორც წესი, ირჩევენ ისინი, ვისაც არ შეუძლია ფედერალურ, წამყვან თუ კვლევით უნივერსიტეტებში მოხვედრა. შესაბამისად, სტუდენტთა კონტინგენტიც განსხვავებულია, უფრო მცირე განათლებისა და წიგნიერების დონით“, – ამბობს ლობანოვა.

ის დასძენს, რომ ხშირად მომავალ მასწავლებლებს პედაგოგიურ უნივერსიტეტებში, ამ მეცნიერებების შესწავლა მნიშვნელოვნად ეხმარებოდათ სოციალური და კულტურული ცნობიერების ამაღლებაში. ახლა კი მომავალ პედაგოგებს მსგავსი შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

ლობანოვას თქმით, ეს „ინოვაცია“ ერთგვარი მცდელობაა, რომ მასწავლებლები მოაქციონ კულტურულ ყალიბში, დააწესოს მათთვის ჭერი, რაც კიდევ უფრო დააქვეითებს მასწავლებლების კულტურულ ცნობიერებას და მათსა და პრესტიჟული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს შორის უფსკრულს გააღრმავებს.

თანაც, როგორც ნინა ლობანოვა ამბობს, ეს გავლენას მოახდენს არამხოლოდ მასწავლებელთა ცოდნაზე, არამედ მათ უნარებზეც.

„სოციოლოგიური აზროვნების ნაკლებობა სამწუხარო, თუმცა ფაქტობრივი მოცემულობაა ჩვენი განათლების მთლიან სისტემაში, სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში. თუმცა, ახლა ბავშვებს იმის შანსი მაინც აქვთ, რომ გაიფართოონ თვალსაწიერი. სოციოლოგიისა და კულტურული მეცნიერებების გაცნობით ეძლევათ მათ შესაძლებლობა, რომ დაინახონ სამყარო ისეთად, როგორიც არის, თავისი მრავალფეროვნებითა და განსხავებულობით“, – დასძენს ლუბანოვა.

ლობანოვას თქმით, თუკი გადაწყვეტილება არ შეიცვლება, მომავალში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის სოციალური და კულტურული ცნობიერების კუთხით სხვაობაც კი აღარ იქნება. ახალი „ინოვაციის“ მიმართ პროტესტი კი რუსეთში არ ჩანს. განათლების სისტემიდან არავინ იღებს ხმას მის წინააღმდეგ. მხოლოდ ჩინოვნიკები საუბრობენ, რამდენად საჭიროა ახალი მიდგომა მისი რეალური არსის დამალვით.

„გვეუბნებიან, რომ პროტესტს აზრი არ აქვს. გადაწყვეტილება მიღებულია მინისტრის დონეზე. როგორც ჩანს, მათ მიაჩნიათ, რომ მომავალ მასწავლებლებს არ დასჭირდებათ სოციალური და კულტურული განათლება. მათ ექნებათ მხოლოდ საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ მოემზადონ ერთიანი სახელმწიფო გამოცდის ჩასაბარებლად.

და თუკი გადაწყვეტილება არ შეიცვლება, იაროსლავ კუზმინოვის სიტყვები, რომ „ჩვენ ვამზადებთ სოციალურ სულელებს“ სამართლიანად გავრცელდება არამხოლოდ სკოლის მოწაფეებზე, არამედ მათზეც, ვინც რუსულ პედაგოგიურ უნივერსიტეტებში სწავლობს. ხოლო ეს კურსდამთავრებულთა ბრალი სულაც არ იქნება“, – ამბობს ლობანოვა.