მასწავლებლების საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის მცდელობა ხშირია, ხდება მათზე ზეწოლა - ISFED

პუბლიკა

„სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლები პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსად რჩებიან და ხშირია მათი საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის მცდელობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის, უმეტესად, კი მმართველი პარტიის მიერ, აქედან გამომდინარე ხდება მათზე ზეწოლაც”, – ამის შესახებ საუბარია ISFED-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშში.

სკოლისა და ბაღის მასწავლებლებზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ ანგარიშში რამდენიმე შემთხვევაა განხილული:

ანგარიშში განხილული ერთ-ერთი შემთხვევა სკოლის მასწავლებელსა და დრიექტორს შეეხება. ISFED-ის მიხედვით, მასწავლებელი „ნაციონალური მოძრაობის“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი იყო, დირექტორი კი „ოცნების“ მხარდამჭერია. მასწავლებელი აცხადებს, რომ მუდმივად განიცდის ზეწოლას დირექტორის მხრიდან.

„იამზე კვაჭანტირაძე ბუკნარის სკოლაში პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო და, მისი თქმით, რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრობის გამო, სკოლის დირექტორის, მარინა გოგიშვილის  მხრიდან მუდმივად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას როგორც სკოლაში, ასევე საარჩევნო უბანზე, მან უარი განაცხადა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანაშრომლობაზე, რადგან აპირებს მასწავლებლის გამოცდებზე გასვლას, ბუკნარის სკოლაში მაძიებლად შესვლას და არ სურს იმის გამო რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, კვლავ შეექმნას მას და მისი ოჯახის წევრებს პრობლემები“- წერია ანგარიშში.

თავში, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობას ეთმობა, საუბარია დუშეთში, 10 სექტემბერს „ოცნების“ კანდიდატსა და ბაღის მასწავლებლებს შორის შეხვედრაზე.

„შესახვედრად ბაღის მასწავლებლები დუშეთის კულტურის სახლთან დაახლოებით ნახევარი საათით ადრე გამოცხადდნენ, როდესაც ჯერ კიდევ სამუშაო საათები იყო. დამკვირვებლის ინფორმაციით, შეხვედრაზე მისვლის დავალება ბაღის დირექტორებისგან მიიღეს, რომლებმაც თავის მხრივ ეს დავალება დუშეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელისგან მიიღეს“, – წერია ანგარიშში.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ანგარიშის ერთ-ერთ თავში საუბარია ახალციხე–ასპინძა–ბორჯომი–ადიგენის „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მასწავლებლები ესწრებოდნენ.

„8 სექტემბერს, ახალციხე–ასპინძა–ბორჯომი–ადიგენის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვილმა, 15:00 საათზე, სოფელ არალში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ არალის საჯარო სკოლის მასწავლებლები: დირექტორი მარო ჩხიტუნიძე, სკოლის მასწავლებელი – ვაჟა თათეშვილი, ადიგენის მერის წარმომადგენელი არალის ადმინისტრაციულ ერთეულში, დავით აკოფაშვილი, არალის ბიბლიოთეკის თანამშრომელი მანანა ხაჩიძე (აფრიამაშვილი). აღსანიშნავია, რომ არალის სკოლის დირექტორი, იმავე დღეს, 17:00 საათზე, უდეში გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა.

სოფელ უდეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ უდეს #1 და #2 საჯარო სკოლის მასწავლებლები, ასევე ორივე საჯარო ბაღის მასწავლებლები, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ISFED-ის ანგარიშში მოხვდა 17 სექტემბერს, თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლევან მრელაშვილის ბრიფინგი. მან საჯარო სკოლის დირექტორებთან ერთად ისაუბრა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების მხრიდან სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შესახებ.

მრელაშვილმა ISFED-ის დამკვირვებელთან საუბარში აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, არაერთმა დირექტორმა შესჩივლა, რომ მათ ტელეფონებზე ხშირად შემოდის ანონიმური ზარი, რომლის დროსაც მათ ეუბნებიან, რომ თავი დაანებონ აქტივობას და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რადგან „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია და ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლისას, ისინი არ დარჩებიან თანამდებობაზე.

მრელაშვილის განცხადებით, ის პანდემიასთან დაკავშირებით ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სკოლებს და იგივე გაუმეორა რამდენიმე სკოლის პედაგოგმაც. ამიტომ ჩათვალა საჭიროდ ამ ფაქტის გახმაურება. დამკვირვებლის მიმართვაზე დაესახელებინა იმ სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების ვინაობა, ვისზეც ხორციელდება ზეწოლა, მრელაშვილმა თქვა, რომ მათი სურვილიდან გამომდინარე, მათ ვინაობას ანონიმურად დატოვებს, თუმცა ფაქტის განმეორების შემთხვევაში აუცილებლად გაახმაურებს.

რამდენიმე სკოლის დირექტორმა, ანონიმურად ისაუბრა ISFED-ის დამკვირვებელთან და აღნიშნეს, რომ კონკრეტულად მათთან ასეთი ზარი არ განხორციელებულა, თუმცა კოლეგებისგან სმენიათ ასეთი ფაქტების შესახებ.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია აბასთუმნის სკოლის დირექტორის შემთხვევაზე.

„ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ბიძაშვილი, ქეთევან ობოლაშვილი, ცესკოს მიერ, ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის მეექვსე, ნეიტრალურ წევრად დაინიშნა. ის, ამავე დროს, აბასთუმნის სკოლის დირექტორია. ქეთევან ობოლაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს უთხრა, რომ ამ ეტაპზე კუთვნილი შვებულებით სარგებლობს. არჩევნების პერიოდის დასრულებამდე, კი, უხელფასო შვებულებით სარგებლობას აპირებს“, – წერს ISFED.