განათლების სამინისტროში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, დროებით შეჩერდეს სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევდა.
სამინისტრო ავრცელებს მინისტრის, გიორგი ამილახვრის კომენტარს, რომელშიც ნათქვამია, რომ მასწავლებლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მასწავლებელთათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების გზებს შეეხება.
„საქმიანობის დაწყების მომენტში, ერთი მხრივ, დამხვდა წლების განმავლობაში მოქმედი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის დადგენილ გზებს მოიცავს გამოცდის ჩაბარებისა და პრაქტიკული საქმიანობის შეფასების სახით, ხოლო მეორე მხრივ, პარალელურ რეჟიმში მოქმედი კომისია, რომელიც მასწავლებლებს, გამოცდის ჩაბარების გარეშე, სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გაანალიზდეს ამ წლების გამოცდილება; მთლიანობაში დავინახოთ, რა გამოწვევები არსებობს მასწავლებელთა კარიერული წინსვლისა და პროფესიული ზრდის მიმართულებით; დავინახოთ სრული ციკლი, რაც ახლა მიმდინარეობს სისტემაში, გამოცდებისა და პორტფოლიოების წარმოების თვალსაზრისით, შემდგომში სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ მასწავლებლები კარიერული განვითარების პროცესში“, – განმარტავს მინისტრი.