„მასწავლებლებს მოგვისმინონ, ჩვენ უკეთ ვიცით, რა გვჭირდება" - მინისტრი პედაგოგებს დახურულ რეჟიმში ხვდება

პუბლიკა

განათლების სამინისტროში მინისტრი პედაგოგებს ხვდება. შეხვედრის ინიციატორები პედაგოგები არიან. ცნობილია, რომ პედაგოგთა მიერ დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, მინისტრთან შეხვედრაზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის სქემასთან დაკავშირებული პრობლემებსა და მოთხოვნებზე  საუბარს გეგმავენ.

შეხვედრის დაწყებამდე „პუბლიკის“ ჟურნალისტი პედაგოგთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ესაუბრა. სამუშაო შეხვედრა დახურულ რეჟიმში წარიმართება და მას 100-მდე პედაგოგი დაესწრება.

„არათანაბარ მდგომარეობაში მყოფი მასწავლებლები აპროტესტებენ პორტფოლიოს. ძირითადი მოთხოვნაა, რომ იყოს თანაბარი პირობები და ყველა მასწავლებელს ჰქონდეს საშუალება, სტატუსი აიმაღლოს  გამოცდით ან პორტფოლიოთი.

სქემა გადასახედია, ამ სქემით ვერაფერს ვსწავლობთ, გარდა იმისა, რომ ხშირად გვიწევს ბევრი, არასაჭირო დოკუმენტის  სისტემაში ატვირთა. ვესწრებით ტრენინგებს, რომელიც ხშირად ნაკლებად სასარგებლოა პროფესიული განვითარებისთვის. მასწავლებელს არ რჩება დრო მოსწავლეებისთვის.

შეხვედრაზე დავაყენებთ კონკრეტულ ინიციატივებს. ჩვენი მოთხოვნაა, სქემაში ცვლილებებზე მუშაობა მასწავლებლების ჯგუფებთან ერთად დაიწყონ, შეიქმნას მასწავლებელთა ჯგუფები, თბილისში, რეგიონებში – მაგალითად, რესურსცენტრების ბაზაზე. მასწავლებლებს მოგვისმინონ, ჩვენ უკეთ ვიცით, რა გვჭირდება. ამ გადმოღებულ სტანდარტებს – ესტონეთიდან, ფინეთიდან, ვერ ვირგებთ. ხომ ხედავენ რომ 20 წელია, ვწვალობთ და წინ ვერ მივდივართ. დადგა დრო, რომ ძირეული ცვლილებები განახორციელონ. ვითხოვთ, რომ მასწავლებლის კეთილდღეობა გაუმჯობესდეს“, – განუცხადა პუბლიკას 178-ე საჯარო სკოლის პედაგოგებმა, თამარ ცანავამ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, პედაგოგს დაწინაურებისთვის, ანუ წამყვანი, ან მენტორის სტატუსის მისაღებად, პროფესიული გამოცდის ჩაბარებასთან ერთად ევალება პორტფოლიოს წარდგენა. პორტფოლიო არის ინდივიდუალური ნამუშევრების კრებული, სადაც დოკუმენტირებულია როგორც მუშაობის პროცესი, ასევე შედეგი.

პედაგოგების ნაწილი, რომლებსაც უკვე ჩაბარებული ჰქონდათ გამოცდა, თვეები ელოდებოდნენ პორტფოლიოს შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას. 10 აპრილს დამტკიცდა პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები. პორტფოლიოს წარდგენის ვადა კი აპრილის ბოლო იწურება.

პედაგოგთა ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ვადაში პორტფოლიოს მომზადება შეუძლებელია და ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ. ზოგიერთი მასწავლებელი კი მიიჩნევს, რომ მასწავლებლის პორტფოლიო, რომელიც პედაგოგის საქმიანობას, მის მიერ სასწავლო პროცესში განხორციელებულ აქტივობებს დოკუმენტურად ასახავს, აღარ უნდა იყოს სავალდებულო და სტატუსი პროფესიული გამოცდის საფუძველზე უნდა მიენიჭოთ.

პედაგოგების შეფასებით, პორტფოლიოს მომზადების ვალდებულება „ქაღალდომანიაა“ და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის სრულფასოვან წარმართვასთან ერთად პორტფოლიოს მომზადება უჭირთ, აღარ რჩებათ დრო სწავლებისთვის.