მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულებმა რუსული კანონის წინააღმდეგ პეტიცია შექმნეს

პუბლიკა

მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულებმა რუსული კანონის წინააღმდეგ პეტიცია შექმნეს. ტექსტში აღნიშნულია, რომ დღეს საჭიროა გაერთიანდება, რადგან დაპირების მიუხედავად, ხელისუფლება ისევ მზადაა რუსული კანონის მისაღებად.

მათი განცხადებით, ეს შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობის ბრძოლითა და თავგანწირვით გაჩენილ შესაძლებლობას, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს.

„ასეთ დროს, უპირველესად, ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა ვთქვათ ხმამაღლა, რომ ძალაუფლება არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს ეკუთვნის; დღეს თუ არ დავარქვით სახელი მოვლენებს, ხვალ უკვე შესაძლებლობა წართმეულ საქართველოში გავიღვიძებთ და საკლასო კედლებში არც დემოკრატიის პრინციპებზე საუბარს ექნება აზრი და არც ქართული მატერიალური თუ არამატერიალური კულტურის ძეგლების მნიშვნელობაზე.

სრულად ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლების წნეხი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე ძალიან დიდია, არცერთ მმართველ პარტიას არ მოსწონებია დამოუკიდებელი, ავტონომიური, ნომენკლატურულ დღის წესრიგს გაცდენილი მასწავლებელი და დარწმუნებული ვართ, რომ ეს წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდება, მაგრამ ჩვენი ერთგულება პროფესიისადმი და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე ყველა წნეხზე დიდია!

2023 წლის მარტის განსაკუთრებული დღეების მსგავსად, კიდევ ერთხელ ერთად დავდგეთ ისტორიის მართალ მხარეს და დავწეროთ ისტორიის ღირსეული ფურცელი! მასწავლებლების ხმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია განცხადებაში.