მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, როლანდ შავაძე ამბობს, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 6-წლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ, შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა და ამით „ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა“. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
შავაძე ამ გადაწყვეტილებას რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში აქტიურ ჩართულობას უკავშირებს და როგორც ამბობს, ვერ აპატიეს, რომ „საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევის თავიდან აცილების მიზნით, პოლიტიკაში წავედი“.
შავაძე „თავისუფლების მოედნის“ წევრია, რომელიც კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ შედის.
„ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, (ჩემმა მშობლიურმა უნივერსიტეტმა) 6 წლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ, შრომითი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა და ფაქტობრივად, ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.
მიზეზები არ არის საძებარი – რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში აქტიურად ვიყავი ჩართული და საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევის თავიდან აცილების მიზნით, პოლიტიკაში წავედი, ეს ვერ მაპატიეს…
ბსუ-ში მივიღე მაგისტრის და დოქტორის ხარისხი. 2018 წლიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით 6 წელი ვიყავი დასაქმებული. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვების შემდეგ, უნივერსიტეტმა პირველმა მომილოცა ჯილდო და ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში არაერთხელ განთავსდა ინფორმაცია, რომ ჩემი მიღწევით ამაყობდა უნივერსიტეტი, თუმცა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ჩართვის შემდეგ, ხელისუფლების დავალებით ყველაფერი შეიცვალა.
რეალურად, ორი კვირის წინათ, პასუხისმგებელი პირი, როგორც სალექციო საათებზე, ასევე სამუშაო დღეებზე შემითანხმდა და გასულ წელთან შედარებით ერთი ჯგუფის ნაცვლად, ორ, სურვილის შემთხვევაში სამ ჯგუფთან მუშაობა შემომთავაზა. დღეს აღმოჩნდა, რომ ჩემთვის საათები აღარ დარჩა, ამ დროს ჩემთან ერთად მომუშავე 50-მდე უცხო ენის მიწვეულ ლექტორს (ყველას უკლებლივ) გაუგრძელეს ხელშეკრულება და 10 მიწვეული ლექტორისთვის კონკურსი გამოაცხადეს.
გარწმუნებთ, უნივერსიტეტის ეს სამწუხარო გადაწყვეტილება, ვერ შეაფერხებს ბრძოლას რომელიც ჩემი, თქვენი და მათ შორის ოცნების მხარდამჭერების შვილების საუკეთესო მოვალისთვის დავისახე მიზნად. ყველა უსამართლობას 26 ოქტომბერს წერტილი დაესმება. ერთად შევქმნით ევროპულ მომავალს“, – წერს შავაძე.
„პუბლიკა“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირდა. ენების ცენტრის ხელმძღვანელი, სადაც შავაძე მუშაობდა, ამბობს, რომ როლანდ შავაძე მეორე სემესტრში დაიტვირთება, ვინაიდან სხვადასხვა ფაკულტეტზე ინგლისურის კურსები ან პირველ სემესტრშია, ან მეორეში.
„გათავისუფლება ან რამე მსგავსი არ არის. ჩვენთან ყოველწლიურად იდება ხელშეკრულება. როლანდ შავაძე დაიტვირთება მეორე სემესტრში იმიტომ, რომ ინგლისურის კურსები ყველა ფაკულტეტზეა და ზოგიერთ ფაკულტეტზე ეს კურსები პირველ სემესტრში იწყება, ზოგიერთზე – მეორე სემესტრში. შესაბამისად, საათები გადანაწილდა ასე.
ორი კვირის წინ არ ყოფილა შეთანხმებული [სალექციო საათები და დღეები], უფრო დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ შემდეგ შეიცვალა რაღაცები და ასე გადანაწილდა. ეს ჩვეულებრივია, მეც ზოგჯერ მეორე სემესტრიდან ვიწყებ ზოგიერთ კურსს, ზოგს პირველიდან და ასევე არიან მასწავლებლები. საუნივერსიტეტო, საფაკულტეტო ინგლისურის კურსები ასეა გადანაწილებული“, – ამბობს ენების ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო სამნიძე.
როლანდ შავაძე 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია.