მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის 2023 წლის ბიუჯეტში 600 ათასი ლარია გათვალისწინებული

პუბლიკა

მთავრობის ინიციატივით მასწავლებლის ეროვნული პრემია 2023 წელს 10 მასწავლებლისთვის გაიცემა.

კანონპროექტის მიხედვით,  2023 წლის ბიუჯეტში 600 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, აღნიშნული ხარჯი მოიცავს 10 მასწავლებლისთვის ეროვნული პრემიის გადაცემას, სამკერდე ნიშნების დამზადებისა და მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების ხარჯებს.

2024 წლიდან 2026 წლის ჩათვლით კი პროგრამის „მასწავლებლის ეროვნული დღე“ წლიური ბიუჯეტი განსაზღვრული იქნება მილიონი ლარით.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შედის. კერძოდ, კანონის პროექტის მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილებებს ემატება, სამინისტროს წარდგინებით, ,,მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის“ დამტკიცების უფლებამოსილება.

მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ მასწავლებელს.

კანონპროექტის თანახმად, გათვალისწინებული პრემია განსაზღვრულია ერთ პირზე – 10 000 ლარის ოდენობით, რაც 2023 წლისთვის განხორციელდება პროგრამის „განათლებისა და მეცნიერების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა“ ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან, ხოლო შემდგომი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ახალი მიზნობრივი პროგრამა „მასწავლებლის ეროვნული დღე“.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.