განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესი დაამტკიცა.
დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.
საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასური 50 ლარი იქნება, ხოლო პროფესიული უნარების გამოცდის – 100 ლარი.
„ტესტირებაში მონაწილეობის საფასურს, რომელსაც იხდის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირი და რომლის ოდენობაც საგნის გამოცდისათვის თითოეულ საგანში შეადგენს 50 ლარს, ხოლო პროფესიული უნარებისათვის – 100 ლარს“;
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდიან.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, 2022 წლის ზაფხულში სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩატარდება.
პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი გადალახეს ან სტატუსი დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე მოიპოვეს.
ხოლო მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი არ აქვთ გადალახული, სტატუსის ამაღლების მიზნით პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლისთვის საგნის გამოცდაზე 60%+1 ბარიერის დაძლევა მოუწევთ.
სამინისტროს ცნობით, კარიერული წინსვლისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მასწავლებლები პრაქტიკული კომპონენტითაც უნდა შეფასდნენ, რაც გულისხმობს პედაგოგის პორტფოლიოს შესწავლასა და სკოლაში მასწავლებლის უშუალო საქმიანობის შეფასებას. მათ შორის, გასაუბრებას, საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებასა და სხვა.
იმ შემთხვევაში, თუ კარიერული წინსვლის მსურველმა პედაგოგმა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ პრაქტიკული კომპონენტი ვერ/არ გაიარა, მას გამოცდებზე მიღებული ქულა უნარჩუნდება და პრაქტიკული კომპონენტის დადასტურების შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში კიდევ მიეცემა.
მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად გამოცდების ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. ცენტრი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას პროფესიულ უნარებში 2022 წელს პირველად ჩაატარებს.