მათ დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ აქვთ გადატანილი – ტიკარაძე დაინფიცირებულ ექიმებზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჯარში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, ვირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს დაუფიქსირდა, მაგრამ საგანგაშო არაფერია.

ტიკარაძის თქმით, არიან ექიმები, რომლებსაც covid-19 დაუდასტურდათ. „მათი რიცხვი დღესდღეობით 20-მდეა. ეს გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო. სწორედ აქედან გამომდინარეობდა ეს გაიდლაინი და ალგორითმი, რის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება“.

ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ ზოგადად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. „ჩვენ დამატებით კიდევ ვმუშაობთ უსაფრთხოების ზომებისა და ნორმების დანერგვაზე. ასევე, მიმდინარეობს, გარკვეულწილად, ტრენინგები ყველა ამ ჯგუფში, რათა სამომავლოდ იყვნენ დაცულები“,– აღნიშნა მან.

მინისტრის განმარტებით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  მათ დაავადება, ძირითადად, უსიმპტომოდ აქვთ გადატანილი, რაც ასევე ყურადსაღებია და გასათვალისწინებელი. ტიკარაძის თქმით, პრევენციიდან გამომდინარე, ყველა ექიმი, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა, მონიტორინგის ქვეშ იმყოფება, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი მხრიდან ადამიანების დაინფიცირების რისკი აღარ არსებობს.