„მათ შორის, უდანაშაულო ადამიანებს თვალები დასთხარეს“ - ღარიბაშვილი 20 ივნისზე

პუბლიკა

„რეალურად ყველა კრიზისი „ქართული ოცნებისთვის“ შექმნა გახარიამ“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში. მისივე თქმით, „20 ივნისი“, როდესაც, „მათ შორის, უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს“ გახარიას ჩავარდნაა.

„გავრილოვის ღამე, რომელიც, რა თქმა უნდა, მისი ჩავარდნაა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ იმყოფებოდა თბილისში და ვის უნდა გაეკონტროლებინა, თუ არა უსაფრთხოების საბჭოს მდივანს და ვიცე-პრემიერს, კაცს, რომლის კურატორობის ქვეშ იყო ყველაფერი. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო კაცი, ვერ გავიგე, საზღვარს ვინ აკონტროლებს? ვის უნდა გაეკონტროლებინა ეს კაცი [სერგეი გავრილოვი] იყო თუ არა ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე? მას ჰქონდა წვდომა ყველაფერზე.

დამწყები სპეცრაზმელიც აუხსნის ნებისმიერ მოქალაქეს. პარლამენტის შენობა ისე არის დაცული დღეს, გამორიცხულია ის შეანგრიო და შიგნით შეხვიდე. მეორე დღეს, როცა ამ კრიზისის გარჩევა იყო, მე მას ეს კითხვა დავუსვი, რატომ გამოიყვანეს გარეთ სპეცრაზმელები, რატომ აცემინეს 3 საათის განმავლობაში ნაცმოძრაობის აგრესიულ ბრბოს სპეცრაზმელები და ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო. ყველანი გაგიჟებული ვიყავით. ვკითხულობდი, სად არის წყალი, გაზი? დაუშინეს მერე და მათ შორის, უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. ეს არის მისი ხელწერა და მისი მართვა?“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა გახარიას ერთ-ერთი კრიზისად ასევე დაასახელა ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია, „როცა კლუბებში შევარდა. პოლიციელები აცემინა, მერე გამოვიდა და ვიღაცებს ბოდიში მოუხადა მათ, ვინც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა. ტყუილად, არაფრის გამო“.

ღარიბაშვილმა ასევე პანკისში სპეცრაზმელების ჩაყვანას უგუნური ქმედება უწოდა.

„ჩაიყვანა სპეცრაზმი პანკისში, აბსოლუტურად გაუაზრებელი, გაუთვლელი, მორიგი უგუნური ქმედება. ამხელა კრიზისი შექმნა, ლამის ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვია. აცემინა სპეცრაზმი და არც ერთი კაცი არ დაუსჯია“, – თქვა მან.