მათე დევიძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

19 ნოემბრის საპროტესტო აქციის გამო დაკავებული მათე დევიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღეს დევიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

მათე დევიძეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, 3 პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან. ამის გამო მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მათე დევიძის პატიმრობაში დატოვებით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ არსებობს მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

აღნიშნულს არ დაეთანხმა დევიძის ადვოკატი.

მისი პოზიციით, არ არსებობს არც ერთი გარემოება მათეს პატიმრობაში დასატოვებლად და პროკურატურამ ტრაფარეტული არგუმენტები მოიყვანა.

ადვოკატმა სთხოვა მოსამართლეს, გაეთვალისწინებინა ბრალდებულის პიროვნება და მისი წარსული.

ადვოკატის პოზიცია აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება იყო:

„პატიმრობის გირაოთი შეცვლის შემთხვევაში, გირაოს უზრუნველყოფა მოხდება მათე დევიძის ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი სახლით და ბრალდებულისთვის ცნობილია, რომ გირაოს პირობების დარღვევის შემთხვევაში, თავისუფლებასთან ერთად ის დაკარგავს საცხოვრებელს. ოჯახს და საკუთარ თავსაც ჩააგდებს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში“, – თქვა ადვოკატმა.

სასამართლოს მიმართა თავად მათე დევიძემაც:

„იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა წინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, საერთოდ არაფერი. მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს… ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის უკიდურესი ვარიანტი, ჩემ პირობებში არანაირად არ ვიმსახურებ ამას“, – თქვა მათე დევიძემ.

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მათე დევიძის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.

„რაც ისაუბრა დაცვის მხარემ, ნამდვილად ახალი არსებითი გარემოება სასამართლოსთვის არ მოუწოდებია. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება პირველი წარდგენის დროს გასაჩივრებული იქნა მეორე ინსტანციაში, რომელიც სრულად დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და დაუშვებლად ცნო საჩივარი. ამ შემთხვევაში ჩვენ წინასასამართლო სხდომაზე არ გვაქვს ახალი არსებითი გარემოება, აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვს“, – თქვა მან.


მათე დევიძეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავება, რაც სამართლადამცველზე თავდასხმას გულისხმობს.

დევიძის ბრალდებაში პროკურატურა აღნიშნავს, რომ „19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.“