მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე დაკავებულთაგან 6-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

დღეს, 21 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს დაკავებული 13 აქტივისტის საქმე განიხილა.

9 დემონსტრანტის საქმეს განიხილავდა 35 წლის დავით მაკარაძე, რომელიც გორის რაიონული სასამართლოდან თბილისში მივლინებით ნოემბერში გადმოიყვანეს.

მაკარაძემ 5 დემონსტრანტს პატიმრობა შეუფარდა, 4 კი – დააჯარიმა.

მაკარიძის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები 19 ნოემბერს დაკავებულთა საქმეებზე:

  1. ნინო ბარძიმიშვილი – 2 დღე
  2. ელენე ბერიკაშვილი – 4 დღე
  3. გია ჯვარშეიშვილი – 7 დღე
  4. ხალიბეგ მაგამედოვი – 5 დღე
  5. ვასილ ბერიძე – 4 დღე
  6. ქეთევან ხუსკივაძე – 5 000 ლარი
  7. რეზი დუმბაძე – 5 000 ლარი
  8. გიორგი ჟამერაშვილი – 5 000 ლარი
  9. ნინო გუდაშვილი – 2 000 ლარი

დავით მაკარაძე გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლეა 2021 წლიდან. 2024 წლის 21 მაისს იუსტიციის საბჭომ მაკარაძე თანამდებობაზე უვადოდ დანიშნა.

მოსამართლედ დანიშვნამდე, 2017 წლიდან, დავით მაკარაძე ადვოკატი იყო, უფრო ადრე კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში – გამომძიებელი. 35 წლის მოსამართლე თსუ-ის იუდირიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, ამავე უნივერსიტეტში გაიარა მაგისტრატურაც.

ერთი, მარიკა სვანიშვილის საქმე განიხილა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა. სვანიშვილს 4 დღე შეეფარდა.

მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავდა ლუკა ხიზაძისა და ნელი დიასამიძის საქმეებს.

ნელი დიასამიძეს 3200-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ლუკა ხიზაძის პროცესი კი გადაიდო. მოსამართლემ შსს-ს მტკიცებულებების წარმოსადგენად დრო მისცა.

ნინო ენუქიძემ იმსჯელა დავით გუნაშვილის საქმეზე და  5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

19 ნოემბერს პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე მათე დევიძის მხარდასაჭერი მარშის 13 მონაწილე დააკავეს. პოლიცია მათ სწრაფი მოძრაობისა და გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, მოქალაქეები კი აპროტესტებდნენ, რომ ქუჩაზე საკმარისი ადგილი არ იყო იმისთვის, რომ ყველა ტროტუარზე გადაწეულიყო. პერიოდულად იყო პოლიციასთან შეხლა-შემოხლაც, რის შემდეგაც უკვე აქციის მონაწილეების დაკავებაც დაიწყეს.