„ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე" - მათე დევიძის საბოლოო სიტყვა სააპელაციოში

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ძალაში დატოვა მათე დევიძის 4.5-წლიანი სასჯელი.

მათე დევიძემ განაჩენის გამოცხადების დროს სხდომათა დარბაზი დატოვა.

– მოსამართლე: წინასწარ რა იცით, რა გადაწყვეტილებას მივიღებ?

– მათე დევიძე: არ მჯერა სამართლიანი გადაწყვეტილების.

დარბაზიდან გასვლამდე მათე დევიძემ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.

„მადლობა, რომ მოხვედით, პირველ რიგში. ძალიან მიყვარხართ ყველანი და ძალიან მეიმედებით. ბოლომდე, ისევ და ისევ.

მომივიდა ხმები, რომ შემიძლია, დავწერო შეწყალება და ასე გავიდე გარეთ. ბოდიში, მაგრამ სისულელეა. ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ. მაპატიეთ, მაგრამ ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი და მაპატიეთ ამ სიტყვისთვის და მიფურთხებული ჩემგან.

არ ვიცი, რანაირად გადმოვცე, მაგრამ ქვეყანაში არის კორუფციის ქსელები. ნემსი ვერ ჩავარდება ძირს და მე ვზივარ ციხეში. სასაცილოა უბრალოდ. ხალხს მომავალი დააკარგვინეთ, ეს პროცესშია ჯერ, ყველაფერი არ დამთავრებულა.

ხალხს სცემეს, დაასახიჩრეს, ყველანაირი ურთიერთობა თუ წინსვლის საფუძველი თითქმის წყალს გაატანეთ, მაგრამ რთულია ამასთან ჭიდილი, როცა არაფერი გიჭირავს ხელში და არაფერი გაქვს ისეთი, რაც გაგიმაგრებს ზურგს, გარდა ხალხისა, რომელიც ისევ და ისევ, როგორც მე, შიშველი ხელებით იბრძვის. სიბინძურე ტრიალებს ქვეყანაში.

მოკლედ, დავამთავრებ ახლა, ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და მას მერეც. თქვენი [მოსამართლის] იმედი არ მაქვს, იმიტომ, რომ წინა პროცესებიდან გამომდინარე და კიდევ მიმდინარედან გამომდინარე, მარაზმი, სისულელე, ტყუილი და აბსურდია, რომ… მოკლედ, სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს…

არ მჯერა სამართლიანი გადაწყვეტილების. მეგობრებო, ალბათ დიდი ხანი ვეღარ გნახავთ. მიყვარხართ, დროებით. გამარჯვებამდე, ბოლომდე! “, – თქვა მათე დევიძემ.


საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას სამი პოლიციელისთვის ჯოხისმაგვარი საგნის დარტყმას ედავებიან.

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში მათე დევიძისთვის სასჯელის დამძიმებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მის უდანაშაულოდ ცნობას.