შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევის (TIMSS) საქართველოს 2019 წლის შედეგები გამოაქვეყნა.
„კვლევის ეს შედეგები აჩვენებს როგორც პროგრესს, ასევე დღეს არსებულ გამოწვევებსაც. წინსვლა ნამდვილად შეიმჩნევა. ნათელია, რომ მეოთხეკლასელთა შედეგები მათემატიკაში გაუმჯობესდა, ხოლო ერთი მიმართულებით (მიმართულება-რიცხვები) პირველად 2007 წლის შემდეგ საერთაშორისო საშუალოს გადააჭარბა. გამოწვევად რჩება მიღწევები მერვე კლასის მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ორივე საფეხურზე, სადაც მხოლოდ მცირედი გაუმჯობესებაა, რომელიც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის;
თუმცა იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ თუ მონაცემებს სოფლისა და ქალაქის ჭრილში შევხედავთ, ჩანს, რომ სოფლად მცხოვრებმა მეოთხეკლასელებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს შედეგები ბუნებისმეტყველებაში. ასევე, არსებული მონაცემებით, სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის მიღწევებში განსხვავებები მცირდება და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის აღმოფხვრილია“ – აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე.
საერთაშორისო საშუალო ქულაა 500. 2019 წელს საქართველოს მაჩვენებელია: მათემატიკაში (მე-4 კლასი) – 482 ქულა; მათემატიკაში (მე-8 კლასი) – 461; ბუნებისმეტყველებაში (მე-4 კლასი) – 454; საბუნებისმეტყველო საგნებში (მე-8 კლასი) – 447.
კვლევის შედეგებიდან დადგინდა, რომ 2019 წლის ციკლში საქართველოს მეოთხეკლასელებმა მათემატიკაში მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. ასევე საქართველო დასახელდა იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებმაც 2015 წელთან შედარებით მიღწევები ყველაზე მეტად გაზარდეს.
რაც შეეხება საბუნებისმეტყველო საგნებს, როგორც მეოთხე, ასევე მერვე კლასში კვლევის წინა ციკლთან მიმართებით საქართველოს ქულა უმნიშვნელოდ გაზრდილია, თუმცა ეს ზრდა სტატისტიკურად მნიშვნელოვან პროგრესზე არ მიუთითებს.
2019 წლის მონაცემებით, მე-4 კლასელი ბიჭების მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატება გოგონების მიღწევებს, თუმცა საქართველო იმ 3 ქვეყანას შორის მოხვდა (სამხრეთ კორეა, მალტა, საქართველო), სადაც ეს განსხვავება ყველაზე მცირეა.
2019 წლის მონაცემებით, გოგონებისა და ბიჭების მიღწევები მონაწილე ქვეყნების ნახევარზე მეტში სქესის მიხედვით არ განსხვავდება, მათ შორის არის: საქართველო, ფინეთი, ლატვია, აზერბაიჯანი, ნორვეგია, პოლონეთი, საფრანგეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, დანია და სხვ.
კვლევის წინა ციკლების მსგავსად, 2019 წლის მონაცემებით მათემატიკაში კერძო სკოლების მიღწევები კვლავ აღემატება საჯარო სკოლების შედეგებს, თუმცა თვალსაჩინოა, რომ კერძო და საჯარო სკოლებს შორის სხვაობა მცირდება.
2019 წლის მონაცემებით, სოფლად მცხოვრებმა მეოთხეკლასელებმა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს მიღწევები. 2007 წლის შემდეგ პირველად, 2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის არსებული განსხვავებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის და ეს სხვაობა მცირდება.
მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TIMSS) მასში მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს შეაფასონ საკუთარი საგანმანათლებლო სისტემა, არსებული სასწავლო პრაქტიკა და გამოავლინონ ხელისშემშლელი ფაქტორები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში.
კვლევა აფასებს მოსწავლეთა მიღწევებს სწავლების ერთსა და იმავე საფეხურზე წინა ციკლებთან შედარებით, აგრეთვე აჩვენებს იცვლება თუ არა წლების მანძილზე მოსწავლეთა მიღწევები ქვეყანაში სასწავლო პროცესის სხვდასხვა საფეხურზე(დაწყებითი და საბაზო).
TIMSS 2019-ში მონაწილეობა 64-მა ქვეყანამ მიიღო. მეოთხე კლასის შეფასებაში მონაწილეობდა 58 ქვეყანა და 6 რეგიონი, ხოლო მერვე კლასის შეფასებაში – 39 ქვეყანა და 7 რეგიონი.
2019 წლიდან TIMSS ელექტრონულ შეფასებაზე (eTIMSS) გადავიდა. საქართველომ ელექტრონულ შეფასებაზე გადასასვლელად ე. წ. გარდამავალი (Bridge) კვლევა ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 24 აპრილიდან 29 მაისის პერიოდში მიმდინარეობდა. TIMSS 2019 წლის ციკლში საქართველოს მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 226-მა სკოლამ თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. სულ 154 მეოთხე (6 002 მოსწავლე) და 145 მერვე კლასი (5 698 მოსწავლე) მონაწილეობდა.