მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებისთვის სქემაში ცვლილება შევიდა

პუბლიკა

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი ასწავლის შემდეგი წესით:

ა) მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;

ბ) ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;

გ)  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს  მათემატიკა ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები.

„საჯარო სკოლა ვალდებულია, სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ასეთების არსებობის  შემთხვევაში, და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე“, – ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც 7 თებერვლით თარიღდება და ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს.

მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის მასწავლებელი  არის პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი (გარდა პრაქტიკოსისა) და უმაღლესი განათლების დიპლომით უდასტურდება ზემოთ მითითებული საგნებიდან ერთ-ერთი საგნის სწავლების უფლება ან დიპლომის დანართით უდასტურდება შესაბამისი საგნის გავლა.