მატერიალური და სოციალური დანაკლისი აღინიშნება ბავშვების 37.8%-ში - UNICEF

პუბლიკა

საქართველოში „ბავშვთა კეთილდღეობის მოკვლევის“ ფარგლებში პირველად ჩატარდა ბავშვთა მატერიალური და სოციალური დანაკლისის კვლევა.

ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისი გულისხმობს ოჯახის ფინანსური შესაძლებლობის არქონას, რაც ოჯახს არ აძლევს საშუალებას, უზრუნველყოს ბავშვი მისი ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი მინიმალური საჭიროებებით. ისეთი საჭიროებებით, როგორიცაა, საკვები, ტანსაცმელი, ასაკის შესაბამისი წიგნები, სათამაშოები, გართობა, მეგობრებთან დროის გატარების შესაძლებლობა, თუ სხვა.

ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისის ინდექსის შემადგენელი საჭიროებები ამგვარია:

როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, 16 საჭიროებიდან სულ მცირე სამის დანაკლისის მქონე ბავშვების წილი განსაზღვრავს მატერიალური და სოციალური დანაკლისის ინდექსს.

„ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები გვაჩვენებს, რომ საქართველოში ბავშვების 37.8% პროცენტისთვის ოჯახები ვერ უზრუნველყოფენ სამ ან მეტ საჭიროებას. შესაბამისად, ეს ბავშვები მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონედ შეიძლება ჩაითვალონ. ბავშვების 62.2%-ს კი არ აქვს მატერიალური და სოციალური დანაკლისი.

ბავშვთა მატერიალური და სოციალური დანაკლისის მაჩვენებლები უფრო მაღალია სოფლად, ვიდრე ქალაქად, უმნიშვნელოდ განსხვავდება სქესის მიხედვით.

უფრო კონკრეტულად კი, დანაკლისი აღენიშნება სოფლად მცხოვრები ბავშვების თითქმის ნახევარს (47.1%), ხოლო ქალაქში ეს მაჩვენებელი 31.2%-ია.

აქვე ვკითხულობთ, რომ ასევე, მეტი ალბათობით, მატერიალური და სოციალური დანაკლისი უფრო დიდია გოგოებში (39.1%), ვიდრე ბიჭებში (36.7%).

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებს უფრო ხშირად აღენიშნებათ ფუნქციური შეზღუდვები.  ისინი დანაკლისის არმქონე ბავშვების თანაბრად არიან წარმოდგენილი ფორმალური განათლების სისტემაში.

მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებს ნაკლები საშუალება აქვთ, მოემზადონ კერძო პედაგოგთან და ნაკლებად არიან წარმოდგენილნი სპორტისა და ხელოვნების კლასგარეშე აქტივობებში.

უფრო იშვიათად იკვებებიან სკოლის საათებში, მათი ნახევარი კი სკოლის საათებში არასდროს არ იკვებება.

მათი მშობლები უფრო ხშირად აღნიშნავენ სამედიცინო მომსახურების მიღებისა და მედიკამენტებთან ხელმისაწვდომობის პრობლემას.

კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების 60.5% არ ცხოვრობს სიღარიბეში (იგულისხმება აბსოლუტური (მონეტარული) სიღარიბე, რომელსაც ყოველწლიურად განსაზღვრავს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური).

ამავდროულად, სიღარიბეში მყოფი ბავშვების თითქმის 40%-ს არ აქვს მატერიალური და სოციალური დანაკლისი. დანაკლისის მქონე ბავშვების ნახევარზე მეტი იღებს ბავშვის მიზნობრივ სოციალურ დახმარებას. მათ მიმართ იმავე სიხშირით გამოიყენება აღზრდის ძალადობრივი მეთოდები, როგორც დანაკლისის არმქონე ბავშვების მიმართ.

ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები. კვლევაში ჩართული იყო 1,279 რესპონდენტი და შეგროვდა ინფორმაცია მათ შინამეურნეობაში მცხოვრებ 2.438 ბავშვზე. კვლევის ინსტრუმენტის შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ „გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ოფისი“ Innocenti და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ საქართველოს ოფისი.