მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია – კილაძე ბუდაღაშვილსა და თამლიანზე

პუბლიკა

20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაკავებული ბესიკ თამლიანი და ზურაბ ბუდაღაშვილი დღეს გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ მოინახულა. მისი თქმით, პატიმრების მდგომარეობა ნორმალურია.

„მოვინახულეთ ეს ორი ახალგაზრდა. მათი მდგომარეობა არის ნორმალური. ერთ-ერთს უნდოდა სხვა საკანში გადასვლა და ჩვენ ვთხოვეთ ადმინისტრაციას და მათ უზუნველყვეს მისი სხვა საკანში გადაყვანა. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოგახსენებთ, რომ მათი ჯანმრთელების მდგომარეობა არის ნორმალური, არაფერს უჩივიან ჯანმრთელობის კუთხით. ამაზე ჩვენ მათ სპეციალურად დავუსვით კითხვები. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ადვოკატიც, გვაქვს ამ შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა და შეგიძლიათ, რომ ნახოთ მათი მდგოამრეობა სრულიად ნორმალურია“, – განაცხადა საპატიმროს დატოვების შემდეგ სოფიო კილაძემ.

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თამლიანისა და ბუდაღაშვილის მშობლებს პარლამენტში მას შემდეგ შეხვდა, რაც მათ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ ეძლეოდათ. ოპოზიციონერ დეპუტატებს პატიმრების დედებისთვის საშვის დაშვების უფლება არ მიეცათ. საბოლოოდ საშვი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დაუშვა და მათ შეხვედრა შესთავაზა.


ზურაბ ბუდაღაშვილი და ბესიკ თამლიანი 20 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა ან მასში მონაწილეობის მუხლის საფუძველზე დააკავეს.

27 ნოემბერს ზურაბ ბუდაღაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას პენიტენციალურ დაწესებულებაში ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები თინა ბოკუჩავა და სერგო რატიანმა დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე აღნიშნეს, რომ მათ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებლის გიორგი რურუასა და 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაკავებულების მონახულება სურდათ, რისი უფლებაც პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა.