„რაც შეეხება ოპოზიციის ამ დესტრუქციული ნაწილის დაანონსებულ აქციებს, ჩვენ წინასწარ ვამბობდით, რომ მათი მიზანი არ არის ამ არჩევნებში კონსტრუციული მონაწილეობა, არამედ მათი მიზანია, ჩრდილი მიაყენონ საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს და გამოუცხადონ მას წინასწარ უნდობლობა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა არჩილ თალაკვაძემ ოპოციზიის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
„მათ წინასწარაც ჰქონდათ აქტივობები, რომლითაც ცდილობდნენ არჩევნების დისკრედიტაციას, და ახლაც ამ შეკრების დაანონსება არის უნდობლობა, ოღონდაც უნდობლობა საკუთარი საზოგადოებისა და მოქალაქეების მიმართ, ვინც გააკეთა დემოკრატიული არჩევანი…
მოვუწოდებ მათ, ყველამ პატივი სცეს ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებას და პატივი სცეს ოფიციალური შედეგებს, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია აქვეყნებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.
მან ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ პარალელური ხმების დათვლის შედეგებზე.
„მოგეხსენებათ, ასევე გამოქვეყნდა სამოქალაქო საზოგადოების მიერ დათვლის პარალელური შედეგები, სადაც მთელმა საზოგადოებამ ნახეთ, რომ ამ ობიექტური დათვლის და პარალელური დაკვირვების შედეგად ცდომილება არის პრაქტიკულად მინიმალური, ის არსებით გავლენას ვერ ახდენს საბოლოო შედეგებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ცესკოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო სექტორის ძირითადი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც ასევე აქვეყნებენ პრაქტიკულად იგივე შედეგებს, რაც ამ მომენტისთვის ცესკოს ვებგვერდზე არის მოცემული”, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ,,ეუთო- ოდირის” და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შემაჯემებელი შეფასებითი ანგარიშითაც, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული, რომელშიც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება.
ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. მათი ნაწილის თქმით, პარლამენტის ბოიკოტი არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიცია კონსულტაციების შედეგად მიიღებს.