„ქართული ოცნების“ წევრი, დავით მათიკაშვილი „ოცნების“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან საკანონმდებლო ცვლილებებს წარადგენს.
ცვლილება, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის შეზღუდვას.
მათიკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა „ოცნების“ ნარატივი, რომ ემიგრანტები კარგად ვერ იაზრებენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, ვინაიდან ქვეყნიდან შორს არიან.
მისი თქმით, „ემიგრანტების მიერ ხმის მიცემა უნდა იყოს გამორჩეულად გააზრებული და დაცლილი ყოველგვარი პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლისგან“. მათიკაშვილი ამტკიცებს, რომ ერთადერთი გარემო, სადაც შესაძლებელია პოლიტიკური მდგენელის სწორად გააზრება, სამშობლოა.
მან გაიმეორა პროპაგანდისტული ნარატივი ბუნდესტაგის ყოფილი წევრის, მიხაილ როთის შესახებაც, თითქოს ის ცდილობდა საქართველოს არჩევნებში ჩარევას.
„საპარლამენტო არჩევნების შემდგომ იქმნება მთელი სახელმწიფოებრივი რგოლი, როგორც მთავრობას ეცხადება ნდობა, ასევე პრეზიდენტი ირჩევა. მოკლედ, ამ არჩევნებს აქვს გამორჩეულად დიდი მნიშვნელობა, სწორედ ამიტომაც, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ყველამ, მათ შორის, პირველ რიგში ჩვენმა არარეზიდენტმა მოქალაქეებმა შეძლონ და გააზრებით, ყოველგვარი პირდაპირი და ზეწოლის, ჩარევების გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება.
ჩარევებს რაც შეეხება, არის და იყო აშკარა და ხელშესახები.
წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიხაილ როთის მიერ დაანონსებული და, პრაქტიკულად, მცდელობაარდაკლებული პროცესი ჩვენი ამომრჩევლებისთვის რაღაც კონკრეტული პოლიტიკური გემოვნებით შესაბამის საარჩევნო პროცესებში ჩაბმისა და ჩართვისა, იყო პირდაპირ სახეზე.
ჩვენ კარგად ვიცით ტექნოლოგიური გამოწვევები 21-ე საუკუნის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით.
ვიცით ის, რომ კონკრეტულ ადამიანებზე, როდესაც სხვა ქვეყნის სახელისუფლებო იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, ნებსით თუ უნებლიეთ, მაინც ეს იურისდიქცია გავლენას ახდენს. არის პოლარიზებული მედიაგარემო. როდესაც უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათი პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთ წყაროდან აქვთ ინფორმაცია და სანამ საქართველოში ამ პოლიტიკურ მდგენელს ადგილზე თვითონვე არ გაეცნობიან, ბუნებრივია, ძალიან რთული იქნება გააზრებული და თავისუფალი გადაწყვეტილების მიღება“. – თქვა მათიკაშვილმა.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებებს დღესვე განიხილავენ ადამიანის უფლებათა კომიტეტში.