საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატს, ანა აბაშიძეს უსმენენ.
უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა თავის შეკითხვაში ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასა და უმრავლესობის ყოფილი წევრ სოფო კილაძეზე ისაუბრა. მან პროფესიული წარმატების ნაწილში ისინი ერთმანეთს შეადარა და ანა აბაშიძეს ჰკითხა, რატომ არ გაუხარდა სოფო კილაძის წარმატება გაეროში არჩევის გამო და რატომ უხარია ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება.
მან შეკითხვა ამგვარად დაიწყო:
დავით მათიკაშვილი: ცოტა სახალისო თემით მინდა დავიწყო, ფეხბურთი თუ გიყვართ?
ანა აბაშიძე: ძალიან, გუშინწინ ვითამაშე ქუთაისში ძალიან მაგარ გოგოებთან ერთად.
დავით მათიკაშვილი: ხვიჩა კვარაცხელიას ტრასნფერზეც გსმენიათ ალბათ, ხო? აი, ბათუმის დინამოდან ტიტულოვან კლუბში რომ გადავიდა იტალიაში, რა განცდა დაგეუფლათ?
ანა აბაშიძე: მე ყოფილი სპორტსმენი ვარ, მორბენალი ვიყავი, კიკგბოქსინგით ვიყავი ასევე დაკავებული. მე როგორც სპორტსმენი, ვიყავი ძალიან ბედნიერი და როგორც მოქალაქეც – ძალიან ბედნიერი. ახლაც ბედნიერი ვარ.
დავით მათიკაშვილი: ანუ ბედნიერი იყავით, რომ თქვენი თანამემამულე გადავიდა ტიტულოვან კლუბში და შანსი და საშუალება მიეცა თავის გამოჩენის, ასევე, ჩვენი ქვეყნის გამოჩენის. დიდი მადლობა. თქვენ და ხვიჩას რომ რაიმე უთანხმოება გქონოდათ ერთმანეთთან, როგორ ფიქრობთ მისი გადასვლა ასევე გაგიხარდებოდათ, თუ მაინც გულში რაღაც ხინჯი დაგრჩებოდა, რომ პირადი უთანხმოების გამო… მისი წარმატებით ისეთი დაინტერესებული ვერ ყოფილიყავით ან ბედნიერი?
ანა აბაშიძე: სკოლაში მყავდა ერთ მეგობარი, რომელიც ძალიან ცუდი ხასიათის იყო და ყოველთვის მასმენდა ხოლმე. მერე ამ ადამიანმა ბევრი იშრომა და წარმატებული მოხელეა ამ წუთას. საჯაროდ ვუთხარი, რომ ის არის ძალიან სწორი.
ამ დიალოგის შემდეგ დავით მათიკაშვილმა ისაუბრა სოფო კილაძეზე მისი განათლების, გამოცდილებისა და მიღწევების შესახებ. მან უთხრა ანა აბაშიძეს, რომ სოფო კილაძეს ანა აბაშიძემ არაკომპეტენტური უწოდა და პირადი დაპირისპირება ჰქონდა მასთან.
„მისი გაეროში წარდგენის მომენტში თქვენ განსაკუთრებით აქტიურობდით და სხვა ორგანიზაციებთან ერთად, წერილით მიმართეთ გაეროს, რომ არ აერჩიათ, რომ ის იყო არაკომპეტენტური, არ იცავდა ადამიანის უფლებებს და ა.შ. ამის შემდეგ საქართველოს დიდმა მეგობარმა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა გაავრცელა წერილი, სადაც წუხდა და წერდა, რომ „როგორ დაეშვით ამ მდგომარეობამდე“.
იქნებ განგვიმარტოთ და საზოგადოებას უთხრათ – აი თქვენ, როგორც კანდიდატი, როცა დიპლომატი ელჩი გეუბნებათ, რომ „ამ დონემდე როგორ დაეშვით“ და ეს ყველაფერი იმ პირადული დაპირისპირების ნაყოფი ხომ არ არის, ქალბატონო ანა, რომელსაც თქვენ ასე ძალიან უარყოფდით სულ რამდენიმე წუთის წინ? სადაც თქვენ დაბეჯითებით ითხოვდით, რომ თქვენი ქვეყნის შვილი, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელია … მე ვადარებ… და ის [სოფო კილაძე] სადაც მუხლჩაუხრელად შრომობს არა მხოლოდ საქართველოს , არამედ მთელი მსოფლიოს ბავშვების უფლებები დასაცავად, არ დანიშნულიყო და არჩეულიყო. გამეცით პასუხი – არის ეს მიკერძოებულობა, შეშვენის თუ არა ასეთი საქციელი მომავალ სახალხო დამცველს და იქნება ის ის სახალხო დამცველი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს?, “- მიმართა დავით მათიკაშვილმა ანა აბაშიძეს.
ანა აბაშიძემ მას უთხრა, რომ არ იყო ეს კარგი შედარება და გაახსენა ის საკითხები, რომელთა ირგვლივაც აკრიტიკებდა სოფო კილაძეს. მან ასევე ახსენა, რომ არ არსებობენ ავტორიტეტები და შესაბამისად, გერმანიის ელჩის განცხადების კრიტიკაც შეიძლება.
„პირველ რიგში, რამდენიმე კონცეპტუალურ საკითხში არ დაგეთანხმებით. ჩემთვის ავტორიტეტები არ არსებობენ, ხვიჩა კვარაცხელია კარგი სპორტსმენია, მაგრამ მასთან ვინმეს შედარება, გინდაც მამაჩემის, არასწორია. თქვენი შეკითხვა იმთავითვე სუბიექტურია, რადგან მიიჩნევთ, რომ ისინი [სოფო კილაძე და გერმანიის ელჩი] იყვნენ მართლები და ამ სუბიექტური მოსაზრებით ხართ გამსჭვალული.
სოფო კილაძესთან პერსონალურად არაფერი მაკავშირებს, ეს იყო მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული და სამწუხაროდ, მან გადაიტანა პერსონალურ საკითხში. შეგახსენებთ, რომ მან მე შემიზღუდა ამ საქმეზე მუშაობის უფლება, საუბარი „ბავშვთა კოდექსს“ ეხება. მან გამომირთო მიკროფონი, როცა ჩემი სიტყვის დრო იყო… ამის შემდეგ მან აქ ისაუბრა უმნიშვნელოვანეს თემაზე – ეს არის ადამიანების ჩაგვრა ორიენტაციის გამო და თქვა – მინდა დაგიცავთ მინდა არა“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.
გაეროსთვის მიმართვას რაც შეეხება, ანა აბაშიძე ცდილობდა განემარტა, რომ ამაში არაფერია კონსპირაციული, ეს უფლება აქვს ორგანიზაციებს და გამოიყენეს, თუმცა დავით მათიკაშვილი ცდილობდა, მას კონკრეტულად გერმანიის ელჩის განცხადებაზე ეპასუხა – „როგორ დაეშვით აქამდე“. ამ კითხვა-პასუხს სხდომაზე დეპუტატებისა და კომიტეტის წევრების რეპლიკები და გადაძახილები ახლდა.