მათხოვრად ვარ აგერ-მეთქი და 2 000 ლარით დამაჯარიმეს – სოციალურად დაუცველი მამუკა დიაკონიძე

პუბლიკა

სოციალურად დაუცველი 57 წლის მამუკა დიაკონიძე, პატრულმა „კომენდანტის საათის წესების დარღვევის” გამო 2000 ლარით მეტრო რუსთაველის წინ ღამის 11 საათისთვის დააჯარიმა – ვიდეოს „რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

„მათხოვრად ვარ აგერ-მეთქი და 2 000 ლარით დამაჯარიმეს.

მეხუთე წელია, ამ დღეში ვარ; რკინებზე ვარ აწყობილი; ოპერაციის ფულს არ მაძლევენ, ცოტას მაძლევენ, დანარჩენი შენ დაამატეო. აგერ ვდგავარ, რუსთაველის მეტროსთან; მათხოვარი გამხადეს, ვმათხოვრობ.

ახლა მანქანას ვაჩერებ, ვერ გავაჩერე და პოლიციამ 2000 ლარით დამაჯარიმა. რას წაიღებენ ჩემგან, ვნახოთ. სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს, აგერ ვარ მათხოვრად, ქუჩაში.

ამის გადამხდელი მე, არა კი არა, ვერ ვარ. აგერ მაქვს „კრუშკა”, რითაც ვმათხოვრობ და ამ „კრუშკიდან” 2000 ლარი უნდა შევაგროვო?!

არც პოლიცია აჩერებს. ტაქსი არაა. ავტობუსი არაა. სახლში ვერ მივდივარ. დღეს ღამე ქუჩაში უნდა გავათენო”, – ჰყვება მამუკა დიაკონიძე „რადიო თავისუფლებასთან”.


საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 9 ნოემბრიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში იკრძალება 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.