ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. ყოფილმა ელჩმა მრავალი თემა მიმოიხილა, მათ შორის პოლიტიკური დევნის, 2020 წლის საარჩევნო სისტემის და საქართველოს დასავლელი პარტნიორების განწყობების შესახებ.
ყოფილი ელჩი საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს მწუხარებით ადევნებს თვალს. მან ხელისუფლების შეცდომებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა წინა მთავრობების შეცდომებს იმეორებს.
„ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩანს, რომ მთავრობა სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებს იმისთვის, რომ თავად დაწინაურდეს”,-განაცხადა ჰოლმა.
ჰოლ ჰოლმა ხელისუფლების კრიტიკის მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ფაშისტებად შერაცხვა მიუღებელია და „ასეთი საქციელი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა ხდებოდეს“. მისი თქმით, სწორედ გამოხატვის თავისუფლებაა დემოკრატიის ფუნდამენტი.
„საკუთარი მთავრობის გამოცდა და მისთვის გამოწვევების შექმნა სრულიად პატრიოტული საქმიანობაა. ის, რასაც ვხედავ ძალიან მაწუხებს. ეს მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში ხდება, მათ შორის, რუსეთშიც, რომ მთავრობა ცდილობს არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის აქტივისტების შეზღუდვას. ამასთან, არის მცდელობა შეიქმნას შეხედულება, რომ ეს არ არის პატრიოტული საქმიანობა და თუ გაბედე მთავრობის კრიტიკა, ეს არ არის პატრიოტული და ერთგვარად სახელმწიფოს მტერი ხარ“.
ბრიტანეთის ყოფილი ელჩი გიგი უგულავას დაპატიმრების თემასაც შეეხო. მან განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში და მოსახლეობაშიც გაჩნდა კითხვები პროცესის გამჭვირვალობასა და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, მითუმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გიგი უგულავას მსგავს ბრალდებებზე სასჯელი უკვე მოხდილი ჰქონდა. ჰოლის შეფასებით, გიგი უგულავას დაკავებამ ხელი შეუშალა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მნიშვნელოვან დიალოგს.
„უგულავას დაპატიმრებით ის დიალოგი შეჩერდა, რომელითაც მხარეები საერთო გამოსავლის მონახვას ცდილობდნენ“.
ჰოლი ჰოლმა ვაშინგტონში ბოლო პერიოდში გაჩენილ საგანგაშო განწყობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვაშინგტონში და საერთაშორისო საზოგადოებაში გაკეთებული განცხადებების უგულებელყოფა ხელისუფლების მხრიდან უგუნურება იქნება.
„ბოლო წლის განმავლობაში ვამჩნევ, რომ მატულობს შეკითხვები იმაზე, თუ საით მიდის საქართველო. აქამდე ეს პატარა, ინდივიდუალური შემთხვევები იყო. ახლა ეს შფოთვა კულმინაციას უახლოვდება მთელ პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოს მხრიდან უგუნური ნაბიჯი იქნება ამ ყველაფრის იგნორირება“.
ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე საუბრის დროს, ჰოლმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ხელისუფლების საბედისწერო შეცდომა, ძალაუფლების ნებისმიერი გზით შენარჩუნების სურვილია. ამ კონტექსტში ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც შეაფასა.
„როცა ასკვნი, რომ შენი ქვეყნისთვის საუკეთესო ის არის, რომ შენ და შენი პარტია ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩეთ, იმას ნიშნავს, რომ დაგავიწყდა რისთვის მოხვედი ხელისუფლებაში“.
ინტერვიუს ბოლოს, ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთმანეთთან ბრძოლის დასრულებისკენ მოუწოდა.
„შეწყვიტეთ ძალაუფლებისთვის ბრძოლა, დაიწყეთ შეჯიბრი ქართველი ამომრჩევლის ხმების მისაღებად. შეწყვიტეთ ერთმანეთთან ბრძოლა, მოუსმინეთ მეორე მხარეს, გადით რაიონებში და მოუსმინეთ ქართველ ხალხს — უმუშევრობა, განათლება, ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვა — ესაა თემები, რომლებზეც მათ უნდა იმუშაონ“.
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ბრიტანეთის ელჩის პოზიციას საქარართველოში 2013-2016 წლებში იკავებდა.