„მავნებლობა“, „ფსევდო შეუპოვრობა“ - „ოცნების" წევრები ნარკოპოლიტიკის აქტივისტებს პროცესების დაბრკოლებაში ადანაშაულებენ

პუბლიკა

79 მომხრე, 1 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა 8 ნარკოტიკული საშუალების ოდენობის განსაზღვრის პროექტს მხარი დაუჭირა.

პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას „ქართული ოცნების“ დეპუტატების – მიხეილ სარჯველაძის, დავით სერგეენოს, თეა წულუკიანის გამოსვლების მნიშვნელოვანი ნაწილი ნარკოპოლიტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების კრიტიკას დაეთმო, რომლებმაც კომიტეტის სხდომაზე გარკვეული შენიშვნები დააფიქსირეს ოდენობების აღნიშნულ კანონპროექტზე.

„ოცნების“ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ არასამთავრობო სექტორის მიდგომაა – „ან ყველაფერი, ან არაფერი“ და რაც, მათივე აზრით, არის მავნებლური, უპასუხისმგებლო და კონტრპროდუქტიული დამოკიდებულება. დეპუტატი თეა წულუკიანი ასევე არასამთავრობო სექტორს სდებს ბრალს იმაში, რომ სამი წლის განმავლობაში საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მომზადებული ოდენობების კანონპროექტი პარლამენტამდე ვერ მივიდა. მან კიდევ ერთხელ „ურჩია“ აქტივისტებს, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები „შეაფასონ ისე, როგორც ეს არის, ანუ დადებითად“. მისივე თქმით, „უპასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ, თუ ყველაფერს არ მოგვცემთ, ვის რაში სჭირდება ეს პატარ-პატარა ნაბიჯები“.

„რჩევა არის ასეთი, რომ – მოდით, დავუამხანაგდეთ საპარლამენტო უმრავლესობას, ალბათ, არც ოპოზიცია იქნება დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავების წინააღმდეგი. დავუამხანაგდეთ პარლამენტს, დავუამხანაგდეთ მთავრობას და ნუ ვიქნებით მუდამ იმის ძახილში, რომ რაკი ყველაფერს არ გვაძლევთ, ესეც არ გვინდა.

ამას გულისხმობდა დავით სერგეენკო, რომ ეს სამი წელი იდო კანონპროექტი და ვერ დავძარით პარლამენტამდე. მე მათ ვურჩიე [მაშინ], რომ ნუ „შეაგდებთ“ სრული ლიბერალიზაციის დიდ პაკეტს პარლამენტში, ამას არ ექნება მხარდაჭერა და ვიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ. მათ ეს არ გაიზიარეს. მოინდომეს უფრო მეტი, ვიდრე რისი პოლიტიკური რესურსიც არსებობდა და საზოგადოებრივი მხარდაჭერა და მივიღეთ ის, რომ ჩვენ დავკარგეთ სამი წელი. და ეს სამი წელი მე პირადად ძალიან მენანება. მათი გამოისობით, მათი ბრალით, ბატონი დავით ოთიაშვილისა და მსგავსი პირების, რომლებისთვისაც არასდროს არაფერი მოსაწონი არ არის. მათი ამგვარი საქციელითა და მიდგომით კიდევ ერთხელ არ დავკარგავთ მორიგ სამ წელიწადს და ამ მოწვევის პარლემენტში პირადად თქვენ [მიმართავს მიხეილ სარჯველაძეს], ბატონ დავით სერგეენკოსთან ერთად, ჩაუდგებით იმ დიდ ბრძოლას, რომელსაც ჰქვია დაბალსებული ნარკოპოლიტიკა საქართველოში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის ამ სულისკვეთებას გამოეხმაურა მომხსენებელი მიხეილ სარჯველაძე და აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორი „ან ყველაფერი, ან არაფერი – ლოგიკით“, კომიტეტის სხდომაზე ცდილობდა დაეკნინებინა ოდენობების კანონპროექტის მნიშვნელობა.

მისი თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იყო თანმიმდევრული და კრიტიკულად აუცილებელი და „ყველა მათგანმა დადებითი როლი ითამაშა ამ მიმართულებით პროცესების უკეთესობისკენ წარსამართად“.

„აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, დესტრუქციული დამოკიდებულებით, თითოეულ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვღებულობთ აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულ შედეგს. ეს ნიშნავს, რას, რომ ვითომ, და ფსევდოშეუპოვრობის გამო, რომელსაც იჩენენ ხშირ შემთხვევაში გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები, შედეგად ვღებულოთ, მაგალითად, 3 წლით დაბრკოლებულ კანონპროექტს. რომელსაც იმის გამო, რომ ვიღაცას უნდოდა, რომ უფრო შეუპოვრად გამოჩენილიყო საზოგადოების თვალში და უნდოდა, რომ აეწია ბევრად უფრო დიდი გადაწყვეტილებები, ამის გამო, ეს ლოკალური საკითხი [ოდენობების განსაზღვრა], რომელიც ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტას მოითხოვდა, ყველამ ვიცით, რომ სწორია, ამის გადაწყვეტისგან თავს იკავებდნენ. ამდენად, ეს [მიდგომა] არასწორია, და მავნებლურია იმ თვალსაზრისით, რომ აყოვნებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და პროგრესს ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ოდენობების აღნინული კანონპროექტი არის ერთ-ერთი ნაბიჯი და დაბალანსებული ნარკოპოლიტიკისკენ სვლა გაგარძელდება, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ.

„რაც შეეხება მომდევნო ნაბიჯებს, ამაზე ბუნებრივია, რომ კომიტეტიც გააგრძელებს მუშაობას. მნიშნელოვანი იქნება მულტისექტორული ჩართულობა, მთავრობისა და პარლამენტის კოორდინირებული მუშაობა სამოქალაქო სექტორთან. კარგია, რომ ითქვა მოწოდებასთან დაკავშირებით, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიყოთ თანმიმდევრული და თითო-თითო აგურით ვაშენოთ დაბალსებული და სწორი ნარკოპოლიტიკა“, – განაცხადა სარჯველაძემ.


8 ნარკოტიკის ოდენობის კანონპროექტთან დაკავშირებით 1 თებერვალს გამართულ კომიტეტის სხდომაზე აქტივისტებმა, ნარკოპოლიტიკის სფეროში მომუშავე სათემო და საადვოკაციო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის მხრივ არსებული გამოწვევების კუთხით მიზერულ პრობლემას ეხება და კონკრეტული ნივთიერებების მიმართაც ვერ განსაზღვრავს ადეკვატურ ოდენობებს. მათ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნეს, რომ თუ სამართლიანად განისაზღვრებოდა თუნდაც ამ კონკრეტულ 8 საშუალებაზე ოდენობები, უფრო მეტი მომხმარებელი შეძლებდა თავის დაღწევას უსამართლო სისხლის სამართლებრივი დევნისგან და კანონში შესული ცვლილებაც რეალობას უფრო მორგებული და შედეგის მომტანი იქნებოდა.

EMC-ის იურისტმა, გურამ იმნაძემ კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოდენობების კანონპროექტის წინააღმდეგნი არ არიან, უბრალოდ, მიაჩნიათ, რომ მისი დახვეწაა საჭირო, რათა ის მომხმარებლისთვის იყოს შედეგის მომტანი. რაც შეეხება წულუკიანის კრიტიკას, როგორც იმნაძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა ჰქონდეს პარლამენტში მიმდინარე პროცესებს, საჭიროა, ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს ხედვა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და წარმოადგინოს კონკრეტული ნაბიჯები, თუ როგორ და დროის რა პერსპექტივაში ხედავს ამის შესრულებას.

გაეცანით მათ პოზიციებს ვრცლად ბმულზე;