საიას ცნობით, გარდაცვლილი პაციენტის მშობელმა სამედიცინო დაწესებულებას სასამართლო დავა მოუგო. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებას პაციენტის მშობლის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 5000 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანისათვის 10 000 ლარის (დაკრძალვის ხარჯი) გადახდა დაეკისრა. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.
პაციენტი 2014 წლის 5 დეკემბერს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახმეტის რაიონული სამსახურის ექიმის არასათანადო მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. პაციენტის მშობელი დავობდა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მცდარ სამედიცინო ქმედებას, რაც გამოიხატა ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შეუსრულებლობაში, რამაც პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია. გარდა მცდარი სამედიცინო ქმედებისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა არ იყო აღჭურვილი შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით.
საიას ცნობით, სასამართლომ პაციენტის გარდაცვალებაში მოპასუხე მხარის ბრალეულობის საკითხის გამორკვევის მიზნით ყურადღება გაამახვილა იმ უდავო გარემოებაზე, რომ მიუხედავად სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის პაციენტის სავარაუდო ჩივილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა, გამოძახებაზე მისულ სამედიცინო პერსონალს ელექტროკარდიოგრამის აპარატი არ ჰქონდა. სასამართლომ ასევე მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ პაციენტის ჩივილების (ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში) მიუხედავად (რომლის შესახებაც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისთვის გამოძახების ეტაპზევე იყო ცნობილი), სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო პერსონალს, შესაბამისი მოწყობილობის არქონის გამო, მისთვის ელექტროკარდიოგრამა არ გადაუღია და არც ამ ჩივილებისთვის გათვალისწინებული სტანდარტული მკურნალობა ჩაუტარებია.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ზიანის დადგომა (მოსარჩელეთა შვილის გარდაცვალება) სამედიცინო პერსონალის მხრიდან მკურნალობის პროცესში დაშვებულმა ხარვეზებმა გამოიწვია.