საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წინაშე სამთავრობო გეგმას წარადგენს.
გეგმის პრეზენტაციისას ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გეგმებზე ისაუბრა.
„მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ უკვე 30 წელია. მე ვახსენე სიტყვა გარღვევა და ამ გარღვევას ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ. ჩვენ არაერთი ფასადური განახლების, ფასადური რეფორმების მომსწრენი გავხდით წინა ხელისუფლების დროს და ის დესტაბილიზაციის მცდელობები, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, არის მიზანმიმართული ქმედება ჩვენი სახელმწიფოს დასუსტების მიზნით. ვფიქრობ, რომ სწორედ ფასადური მითები უნდა დავანგრიოთ, რომლებიც ათწლეულებია აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.
შეიძლება ითქვას, მაგალითად, ასეთი მითი არის, რომ რაღაც სუსტი სახელმწიფოს იდეა, მცირე სახელმწიფოს იდეა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში და მაშინ ბაზრის უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. მე ვგულისხმობ იმ კონტექსტს, რომელიც დღეს არის ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილი.
ვფიქრობ, რომ პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცედენტი ისტორიამ არ იცის. არც ევროპა და არც ამერიკა ამ გზით არ განვითარებულა. ვფიქრობ, ძლიერი სახელმწიფოსთვის ეკონომიკის განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან ის ქმნის საფუძველს ჩვენი ცხოვრების ყველა სხვა მიმართულებით წინსვლისთვის.
მთელი ჩემი აქცენტი, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, გადატანილი იქნება ახალ ინიციატივებზე, რომელთაც მე, როგორც გითხარით, 100 დღის განმავლობაში წარმოგიდგენთ.
ეკონომიკური განვითარების ამოსავალი უნდა გახდეს ინკლუზიური განვითარება. ეკონომიკური ზრდის სიკეთეები უნდა შეეხოს არა ერთეულებს, არამედ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა იდგეს ბიზნესინტერსების სადარაჯოზე. ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი, რომ არა მხოლოდ თვითკმარნი ვიყოთ ყველა სფეროში, არამედ ექსპორტზეც გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია, რომ შემოქმედი ერი გავხდეთ და არა სხვისი შრომის მომხმარებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერობის კანდიდატმა გაიმეორა 2014 წელს ნათქვამი თავისივე ფრაზა – „არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი“ – და განაცხადა, რომ გამოთქმამ „მიწა ჩვენი მთავარი სიმდიდრეა“ რეალური მნიშვნელობა უნდა შეიძინოს.
ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტი დღეს უყრის კენჭს.