საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ გაიმართა გარკვეულწილად შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც დაისახა სამომავლო გეგმები ბავშვთა სახლებთან მიმართებით.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საპატრიარქოსთან განიხილეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის პრობლემა და იქ მცხოვრები ბავშვების ინტერესების დაცვის საკითხი. ტიკარაძის თქმით, საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ დიდ ბავშვთა სახლებს.
„ჩვენ ყველანი ვიზიარებთ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვების გადაყვანა მცირე ზომის ბავშვთა სახლებში ან საკუთარ ოჯახებში და ამას ჭირდება მეტი ხელშეწყობა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეკითხვაზე, საბოლოოდ როდის დაიხურება ნინოწმინდის დაწესებულება, მინისტრმა უპასუხა, რომ გრძელდება ბავშვების პანსიონიდან გაყვანის პროცესი, რაზეც, მისი თქმით, დღესაც იმსჯელეს.
„ხელი უნდა შევუწყოთ იქ სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მუშაობას. ჩვენ ამ ეტაპზე გარანტირებულად უზრუნველყოფილი გვაქვს ბავშვთა უსაფრთხოება. ისინი მუშაობენ ბავშვებთან და მას შემდეგ, რაც დადებენ დაკსვნას, რა შემთხვევაში ვიცავთ 15 ბავშვის საუკეთესო ინტერესს, მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა მინისტრმა.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე შეფასდა განვლილი პერიოდი, რაც მეუფე იაკობი დაინიშნა ბავშვთა სახლის ხელმძღვანელად. მისივე თქმით, მხარეებმა გამოთქვეს კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი და ასევე საუბარი იყო შემდგომ ნაბიჯებზეც, რაც ბავშვთა სახლის დეინსტიტუტიზაციას გულისხმობს.
„საუბარი იყო შემდგომ ნაბიჯებზე, რომ უნდა მოხდეს დეინსტიტუტიზაცია და ბავშვები უპირველესად უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ბიოლოგიურ ოჯახებში, შემდგომში, თუ ეს არ მოხერხდა – ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში და ბოლო არჩევანი იქნება მცირე ზომის ბავშვთა სახლები. სწორედ მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში. ამ ახალი ბავშვთა სახლების ფორმირებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ყველა აქ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ასე რომ, შემდგომში გაგრძელდება კიდევ ეს თანამშრომლობა იმისათვის, რომ ბავშვთა სახლები, რომლებიც შემდგომში იქნება ნინოწმინდაში, იყოს იმ სახისა და ისეთი სტანდარტის, როგორსაც გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნები“, – უთხრა ჟურნალისტებს ჯაღმაიძემ.