მცხეთის ტერიტორიაზე 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება – ნათია მეზვრიშვილი

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, მცხეთის ტერიტორიაზე 22:00 საათიდან რესტორნების დაიკეტება.

„რესტორნების 22:00 საათზე ჩაკეტვიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, რაც უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და, გამომდინარე აქედან, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მცხეთის ტერიტორიაზე 22 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ანუ ისეთივე რეჟიმი ამოქმედდება, როგორიც ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე გვაქვს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, რესტორნების დახურვის გადაწყვეტილება უკავშირდება კონკრეტულ შემთხვევებს და მოუწოდა საზოგადოებას, რომ არასაჭირო ღონისძიებებისგან თავი შეიკავონ.

„ეს პირველ რიგში კეთდება ჩვენი მოქალაქეების დასაცავად, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არ ვაპირებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების შემოღებას, რადგან ამას, უბრალოდ, ვეღარ გაუძლებს ქვეყნის ეკონომიკა“, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.


დღეს, 20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 15 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 328 ადამიანი.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 19857;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 8666;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 158;
  • კარანტინის რეჟიმში – 6407;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2862;
  • კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 1420;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.