MDF: FARA ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობაზე არ ვრცელდება

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანტიკორუფციული ბიუროს უპასუხეს – 7-მა ორგანიზაციამ 11 აგვისტოს მიიღო წერილი, რომლითაც მოთხოვნილია განმარტებები, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ ისინი უცხო ქვეყნის აგენტებად.

ორგანიზაციებმა ანტიკორუფციულ ბიუროს ინდივიდუალურად უპასუხეს.

„მედიის განვითარების ფონდმა” წერილში ხაზი გაუსვა, რომ FARA ამ ორგანიზაციის საქმიანობაზე არ ვრცელდება, რადგან არ არსებობს ის პირობები, რომლებიც დადგენილია „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ 1-ლი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შეიძლება ჩაითვალოს პირი „უცხოური პრინციპალის აგენტად“.

ორგანიზაციამ ასევე მიუთითა, რომ MDF-ის საქმიანობა, რომლისთვისაც ორგანიზაცია ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების და სხვა დასავლური დონორების დაფინანსებას იღებს, გამჭვირვალეა და ემსახურება მხოლოდ და ექსკლუზიურად საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და თანხვედრაშია კანონმდებლობასა და პოლიტიკის დოკუმენტებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ მიზნებთან. მაგალითად:

  • MDF-ის მედიაწიგნიერების პროგრამა, საქართველოს კანონმდებლობით, ეროვნული სასწავლო გეგმით, საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგიითა და პოლიტიკის სხვა დოკუმენტებით პრიორიტეტულად მიჩნეული მედიაწიგნიერების სწავლების ხელშეწყობას და საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას ემსახურება.
  • MDF-ის მედიაწიგნიერების პროგრამების ბენეფიციარები საქართველოს მოქალაქეები – ახალგაზრდები (სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები) პედაგოგები, მასწავლებელთა პროფესიული პროგრამის მონაწილე სტუდენტები, ასევე, მედიაწიგნიერების პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მარეგულირებელი უწყების – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ტრენერები არიან. მხოლოდ 2017-2025 წლებში MDF-ის მედიაწიგნიერების ტრენინგებში 5000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აქედან 4000-მდე ახალგაზრდა და 1000-მდე მასწავლებელი. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც MDF-მა აკადემიურ სივრცეში 2019 წლიდან დანერგა, 150-მდე კურსდამთავრებული ჰყავს.
  • MDF-ის მომზადებული საგანმანათლებლო რესურსები აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის (სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, პროფესიული ორგანიზაციები) მედიაწიგნიერების სწავლებისთვის მნიშვნელოვანი რესურსია, რაზეც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მხარდაჭერით შექმნილ ვებ-პორტალზე განთავსებული MDF-ის სახელმძღვანელოებიც მეტყველებს.  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავებულ სახელმძღვანელოში  “მედიაწიგნიერების  გაკვეთილები”, რომელიც ფორმალურ განათლებაში აღნიშნული საგნის ინტეგრირებას ისახავს მიზნად, MDF-ის მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები გამოყენებულ ლიტერატურაშია რეფერირებული.
  • პანდემიის დროს, კოვიდ-19-ის პრევენციასა და რეაგირების პროცესში, MDF კომუნიკაციის ეროვნულ კომისიასთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში  სკოლებში მედიაწიგნიერების აქტივობებს ახორციელებდა, რა დროსაც საქართველოს 30 ქალაქში 900 სკოლის მოსწავლე, 118 პედაგოგი და 140 მშობელი დატრენინგდა, ხოლო პედაგოგები მედიაწიგნიერების სასწავლო რესურსებით აღიჭურვნენ.
  • პანდემიის დროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაგირების შესუსტების მოტივით არსებულ ინფოდემიასთან გამკლავების მიზნით, MDF დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ჯანდაცვის სისტემის სხვა წარმომადგენლებთან ინფორმაციის გაცვლის კუთხით თანამშრომლობდა, რაც საზოგადოების დროულ და სწორად ინფორმირებას ისახავდა მიზნად.
  • დეზინფორმაციასთან ბრძოლა, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან, საქართველოს უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ პოლიტიკის დოკუმენტებშიც არის აღიარებული. ამ მიმართულებით საქმიანობა MDF-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც საზიანო ინფორმაციის იდენტიფიცირებას, გამოვლენას, გამოყენებული მეთოდების ანალიზს და საზოგადოების ინფორმირების გზით მისი  მედეგობის განმტკიცებას უწყობს ხელს. MDF-ის მიერ ჩატარებული კვლევები და გამოძიებები, არა მხოლოდ მტრული სახელმწიფოს მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომს ამხელს, არამედ ადგილობრივი აქტორების მიერ წარმოებულ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევასაც იკვლევს, რომლის მიზანიც ქართული საზოგადოების ინფორმირება და საინფორმაციო სივრცის მავნე ზეგავლენებისგან დაცვაა, რათა მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მიეცეთ.

მედიის განვითარების ფონდი ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს:

  • შეწყვიტოს რეპრესიული ღონისძიებები ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს, დამოუკიდებელი ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებასა და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების დევნას;
  • ბიუროს კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მორიგი წერილი მიიღეს, რომელშიც „ქართული ოცნების FARA”-ს დარღვევას ედავებიან.

„2025 წლის 11 აგვისტოს ექვსმა ორგანიზაციამ მივიღეთ ანტიკორუფციული ბიუროს მორიგი წერილი, რომლითაც ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას გვედავებიან, ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად.

მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ ვართ ჩვენივე წესდებით მოქმედი დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და დეზინფორმაციის მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა.

ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის და საქართველოს ინტერესებს”, – აღნიშნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ისინი მიუთითებენ, რომ ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც არის თითქოს ეს კანონი, მათ არ ეკუთვნით ამ რეესტრში რეგისტრაცია.

„პუტინის რუსეთის სტილში, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის დევნა მიზნად დემოკრატიის დასრულებას ისახავს. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არ დავტოვებთ ქართველ ხალხს მხარდაჭერის გარეშე.

ვიბრძოლებთ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ისეთი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად”, – აღნიშნეს მათ.