„მდგომარეობა გაუარესებულია" – ომბუდსმენის კონსილიუმმა სააკაშვილი მოინახულა

პუბლიკა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს კლინიკა „ვივამედში” ომბუდსმენის კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს.

როგორც ვიზიტის შემდეგ ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განაცხადა, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია.

„მდგომარეობა ნამდვილად გაუარესებულია, რაც გამოიხატება წონაში მეტად კლებით, კუნთების მასის კიდევ მეტად შემცირებით. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ჩვენ თვითონაც უნდა შევჯერდეთ, გაზომვის მონაცემები აღვწეროთ… ამჟამად შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ მდგომარეობა გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო. პაციენტს დეტალურად ვსინჯავთ და გასინჯვის მონაცემებით ვამბობთ, რომ მდგომარეობა გაუარესებულია…”, – თქვა თენგიზ წულაძემ.

სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ომბუდსმენის სამედიცინო კონსილიუმმა ბოლო ვიზიტი 4 დეკემბერს განახორციელა.

„ჩვენი მიზანი არის მისი სამედიცინო მდგომარეობის შეფასება, რათა ობიექტური სურათი გვქონდეს.

ჩემი, როგორც არასამედიცინო პერსონალის, დაკვირვებით, მისი მდგომარეობა გაუარესებულია, დასუსტებულია, წონაში კლება აღენიშნება. ჩვენ დღეს კონკრეტული სამედიცინო შედეგები არ გვექნება. შემდგომ დღეებში გავმართავთ საერთო შეხვედრას, გავაანალიზებთ სხვადასხვა პროფილის ექიმის მოსაზრებებს და იმის მიხედვით გვექნება შემდგომი შეფასება”, – განაცხადა ბურჯანაძემ.