მდგომარეობა საყურადღებოა, რჩება კრიტიკული პარამეტრები - კლინიკის დირექტორი პატრიარქზე

პუბლიკა

„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიტუაცია ამჟამად მართულია, თუმცა პაციენტი რჩება კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში.

„პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. რჩება კრიტიკული პარამტერები, მაქსიმალურად მიმდინარეობს ჰემოდინამიკის კორეგირება. ეს ხდება მედიკამენტების ფონზე კვლავ.

ჩვენ ჩავატარეთ კონსილიუმი რეანიმატოლოგების მონაწილეობით. ერთობლივად შეჯერებული ტაქტიკით და მანამდე ჩატარებული მკურნალობის ყველა პროცედურაზე თანხვედრით ვაგრძელებთ მართვას. მათ შორის, ისინიც არიან დისტანციურად ჩართულები ამ პროცესში.

პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარატურული რესურსებით, რომელიც მისი მდგომარეობის მართვას საჭიროებს.

ასევე ჩვენ მოგვიანებით ველოდებით თურქეთიდან რეანიმატოლოგს, რომელიც შემოგვიერთდება და ჩვენს მულტიდისციპლინურ მაღალი დონის პროფესიონალების გუნდს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. ძალიან გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – თქვა სოფიო ასპანიძემ.

შეკითხვის პასუხად, რამდენი ხანი გაგრძელდება კრიტიკული მდგომარეობა, ასპანიძემ თქვა, რომ ეს დამოკიდებულია პატრიარქის ორგანიზმზე.

„დამოკიდებულია პატრიარქის ორგანიზმზე, თუ რის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამიტომ ხდება ყველა ანალიზისა და პარამეტრის კონტროლი, ფაქტობრივად, საათობრივად.

მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ამაზე, როცა ჰემოდინამიკური პარამეტრები – წნევა, პულსი იქნება დამოუკიდებლად, მედიკამენტების გარეშე დაჭერილი.

მდგომარეობა საკმაოდ ვარირებადია, რადგან მწვავე მდგომარეობა იყო. გადაუდებელი, საციცოხლო საჭიროება იყო პროცედურების ჩატარების, მათ შორის, გასტროსკოპიის.

ახლა სიტუაცია მართულია, თუმცა მედიცინაში ამას კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება“, – თქვა „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა ჟურნალისტებთან.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ინფორმაცია დილით გავრცელდა.