მდინარაძე 10%-ით უშვებს, რომ თავდასხმის დროს კვარაცხელიას ბანკში ყოფნა დამთხვევა იყო

პუბლიკა

„მე 1%-ს და 10%-ს იმასაც ვუშვებ, რომ ეს დამთხვევა იყო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თავდასხმის დროს მძევალ ირაკლი კვარაცხელიას „საქართველოს ბანკში“ ყოფნაზე.

„ფეისბუქში დაიწერა რამდენიმე პოსტი, მეც ვნახე. მეც რომ რამე არ დამაბრალონ, ძალიან პასუხისმგებლიანად მივუდგეთ ამ საკითხს მეც, თქვენც და ყველა. ფაქტებზე ვილაპარაკოთ. პოსტიდან გავიგე, მართალია თუ არა ამაზე პასუხს ვერ ვაგებ, ყოველ შემთხვევაში იწერება ეს, რომ ეს არის გვარამიას მამიდაშვილის ბავშვობის უახლოესი მეგობარი, რომელზეც გვარამიამ თქვა ამას არ ვიცნობო. ასეა თუ არა ამას ვერ ვადასტურებ, არ ვიცი. აღმოჩნდა ეს ადამიანი, რომ ნაცმოძრაობის აქტიური მხარდამჭერია. დავარქვათ ამას დამთხვევა. ეს დამთხვევა მართალია თუ არა, ეს მერე ვარჩიოთ, მომდევნო დღეებში. ყოველ შემთხვევაში, ასე აღმოჩნდა, რომ ზუგდიდში ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, აქტიური მთელი თავისი არსით, მოქმედებებით, პოსტებით, გვარამიას ოჯახის წევრებთან აღმოჩნდა ახლობლური კავშირით, მერიაში მუშაობდა, მაშინ როდესაც უგულავა იყო მისი ხელმძღვანელი. ეს შემთხვევითი იყო თუ არა, დღეს ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, ამიტომ ამას დღეს დავანებოთ თავი. ეს ფაქტი შედგა, რატომ იყო, დამთხვევა იყო თუ არა, ხვალ და ზეგ ეს ამბავი გაირკვევა”, — განაცხადა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში.


21 ოქტომბერს თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ შენობაში მძევლები შუადღეს აიყვანა. რამდენიმე საათის წინ კი შენობა რამდენიმე მძევალთან ერთად დატოვა და მანქანით გაურკვეველი მიმართულებით გაემართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გათავისუფლებულია 43 მძევალი, ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.