მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

პუბლიკა

უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის მიერ მოქალაქის მიმართ, სავარაუდოდ, მუქარის ფაქტზე მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს – გეგმავს თუ არა მმართველი პარტია ან პარლამენტის ეთიკის კომისია აღნიშნული ფაქტის შესწავლას.

„ნება მომეცით, თქვენი კითხვაც შევაფასო, რადგან მე ჩემი აზრი გამიჩნდა ამასთან დაკავშირებით. თქვენ გნებავთ, რომ იყოს ბულინგი „ქართული ოცნების“ დეპუტატებზე, მათი ოჯახის წევრებზე, შვილებზე, მაგრამ, როგორც კი ვინმე გაბედავს საპასუხო რეაქციას, ის დააბულინგოთ, მათ შორის დეპუტატი. როდესაც თქვენ არ იმჩნევთ ენმ-ის ფაშიზმსა და ბოლშევიზმს და მხოლოდ საპასუხო რეაქციას იმჩნევთ. ეს ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა. ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ.“ – უპასუხა მდინარაძემ.

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, აქვეყნებს Facebook-ის სქრინს, სადაც უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე მას ემუქრება. ნუგზარ სულაშვილი ამბობს, რომ მიმართავს საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებს. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ ფაქტს ჯერ არ გამოხმაურებია. დიმიტრი სამხარაძე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მიმოწერის დამადასტურებელი სქრინები გაყალბებულია.