მდინარაძე ამბობს, რომ გახარიას პარტიას საპარლამენტო მანდატებს გაუუქმებენ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „რუსთავი 2-ის“ ეთერში აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებს, რომლებსაც საპარლამენტო საქმიანობა არ დაუწყიათ, მანდატებს გაუუქმებენ.

„[მანდატებს] გავუუქმებთ. პირდაპირ გეტყვით. რეგლამენტშია ეს. სია არ აქვთ ჩახსნილი, პირველი 12 ადამიანი ნამდვილად ვერ შემოვა [პარლამენტში], შევუწყვეტთ უფლებამოსილებას, უფრო ზუსტად. შემდეგი 12 შემოვა, თუ სურვილი აქვთ, რა თქმა უნდა“, — თქვა მდინარაძემ.

გიორგი გახარიას პარტიამ უარი თქვა „ქართული ოცნების“ პარლამენტში შესვლაზე, თუმცა საპარლამენტო მანდატები არ გაუუქმებია.

2025 წლის 18 თებერვალს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არ აუქმებდნენ საპარლამენტო მანდატებს პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მისი მიზანი იყო, მიეღო იმ ფინანსური მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც მოქალაქეებმა მის პარტიას არჩევნების გზით მიანიჭეს.