„ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სენატორ ჯიმ რიშის მხარდაჭერას აფასებს.
“სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა დიფ სთეითის აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად დიფ სთეითის ე. წ. ნარატივის გახმოვანებით.
შესაბამისად, სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს – ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ დიფ სთეითი კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს”. – წერს მდინარაძე.
მამუკა მდინარაძის ეს განცხადება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი სენატორი “მეგობარი აქტის” თანაავტორია და “ქართული ოცნების” კრიტიკით გამოირჩევა. თავის მხრივ სენატორს მწვავედ აკრიტიკებენ “ოცნების” წარმომადგენლები – თავად მამუკა მდინარაძე, თბილისის მერი კახი კალაძე, პრემიერ-მინისტრი კობახიძე და ა.შ.
მდინარაძე ამ განცხადებაში იყენებს შეთქმულების თეორიის ნარატივს, რომლის მიხედვითაც არსებობს ე.წ. დიფ სთეითი, რომელიც აშშ-ს, ევროპის და ზოგადად მსოფლიოს პოლიტიკას აკონტროლებს. ამ ტერმინით „ქართულმა ოცნებამ” “გლობალური ომის პარტია” ბოლო პერიოდია, ჩაანაცვლა, თუმცა ზოგჯერ ისინი ამ ორი პროპაგანდისტული თეორიის ჰიბრიდს ავითარებენ.