მდინარაძე: არა მხოლოდ მზია ამაღლობელი, სამწუხაროდ, ყველა სხვაც დავალებით მოქმედებს

პუბლიკა

მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ მზია ამაღლობელი დავალებით მოქმედებს, ისევე, როგორც „ყველა სხვა დანარჩენი”.

ეს მან მზია ამაღლობელის დღევანდელი სარჩელის პასუხად თქვა – მზია ამაღლობელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და სოზარ სუბარის წინააღმდეგ მიმართა.

მზია ამაღლობელი მოითხოვს, „ქართული ოცნების“ ამ წარმომადგენლების განცხადებები მის შესახებ ცილისწამებად იქნეს ნიჩნეული და მათ თავიანთი განცხადებების უარყოფა დაევალოთ იმავე საშუალებებით, რომლებითაც ისინი გაავრცელეს.

მზია მამუკა მდინარაძეს ედავება 3 თებერვალს გაკეთებული შემდეგი განცხადების გამო:

„გმირად ნუ გამოვიყვანთ ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა. ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. ჯერ „სტიკერი“ დააკრა პოლიციელს – ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას. პოლიციის უფროსთან მივიდა 1 თუ 2 საათის გამოშვებული მზია ამაღლობელი და ჯერ ქურთუკით დააკავა, რომ კარგად შემოერტყა და შემდეგ შემოარტყა. პოლიციელს გაარტყა სილა, დემონსტრაციულად, კამერების თანდასწრებით. ეს გააკეთა ერთადერთი მიზნით, რომ შეილახოს პოლიციისა და პოლიციელის რეპუტაცია”.

დღეს მდინარაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მზია ამაღლობელი სხვისი დავალებით მოქმედებდა. ამავე დროს, მას ბრალად დასდო „იმ აგენტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იდგმება”.

„ასეთი განცდა მაქვს ახლაც. როგორც სხვა მათი ყველა ჯგუფის წარმომადგენელი, არა მხოლოდ მზია ამაღლობელი, სამწუხაროდ, ყველა სხვა დანარჩენი ადამიანიც დავალებით მოქმედებს.

ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. წარმოუდგენელია სხვანაირად იმის კეთება, რასაც ეს ხალხი აკეთებს. განცდებზეც ვსაუბრობ, ფაქტებზეც და აღქმებზეც. კონკრეტული ინფორმაცია ზოგადად, ამ ჯგუფებზე გვაქვს. ფაქტია, რომ მზია ამაღლობელი იმ აგენტურულ ღონისძიებებში, რაც საქართველოში მისი ხელისუფლების წინააღმდეგ იდგმება, იმ რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობდა საერთო ჯამში. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, პოლიციის უფროსს ხელი დაარტყა. სხვა დანარჩენი არის შეფასების აღქმის, განცდის და ემოციის საკითხი”. – თქვა მდინარაძემ.

მან ასევე თქვა, რომ „ბოდიშს მოიხდის, თუ აღმოჩნდება, რომ მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის ხელი არ გაურტყამს” ან „ის, ვინც პოლიციელს ხელს არტყამს, მზია ამაღლობელი არ არის”.

„ქართული ოცნების” წევრი ასევე დარწმუნებულია, რომ მზია ამაღლობელის ქმედება იყო განზრახული მოქმედება პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით.

„მზია ამაღლობელი არის სავარაუდო დამნაშავე, რაც საბოლოოდ, განაჩენით დადასტურდება”. – ამბობს ის.


„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.

13 იანვარს „ბათუმელებმა“/„ნეტგაზეთმა“ გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.

ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.

მზია ამაღლობელი უსამართლობას 38 დღის განმავლობაში შიმშილობით აპროტესტებდა.