მდინარაძე: აწი თუ ვინმე მხარს დაგვიჭერს, ჯერ ვიკითხავთ ხოლმე მადლობა რამე უხერხულობას ან  პრობლემას ხომ არ შეუქმნის

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი მამუკა მდინარაძე რუმინეთის, იტალიის და ესპანეთის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ღია წყაროებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერდნენ საქართველოს.

მან ასეთი ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი დაასახელა და დასვა შეკითხვა – რატომ მოხდა ისე, რომ „იოზვიაკის განცხადებაში ნახსენებმა რუმინეთმა მყისვე უარყო ეს ინფორმაცია“.

რიკარდ იოზვიაკმა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე მართლაც დაწერა, რომ საქართველოსთვის სანქციებს „უნგრეთი და სხვა ქვეყნები შეუშლიან ხელს“. შეკითხვაზე, ვის გულისხმობს სხვა ქვეყნებში, მან უპასუხა სლოვაკეთი და რუმინეთი, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ საბოლოო ინფორმაციაში იოზვიაკი წერდა, რომ სანქციები სლოვაკეთმა და უნგრეთმა დაბლოკეს.

მამუკა მდინარაძე ამბობს:

„ღია წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვა ქვეყნები უჭერდნენ მხარს საქართველოს. რომელი სხვა ქვეყნები? თუ არა ეს სამი ქვეყანა, მაშინ უნდა გვითხრან, ვიღაცამ უნდა გაბედოს და დაასახელოს. ლუქსემბურგზეც იყო საუბარი და რადგან ჩვენ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით უტყუარად არ გვიდასტურდებოდა, ირაკლი კობახიძეს არ უხსენებია. მათ შორის, ღია წყაროებშია მოხსენიებული რუმინეთი.

წარმოიდგინეთ, რიკარდ იოზვიაკი, რომელიც წინასწარ ავრცელებს ხოლმე განცხადებებს […] რაც შემდეგ ყოველთვის დასტურდება. მის ინფორმაციაში ნახსენებია რუმინეთი. რატომ მოხდა ისე, რომ იოზვიაკის განცხადებაში იყო ნახსენები და რუმინეთმა მყისვე უარყო ეს ინფორმაცია? რა ხდება ისეთი, რომ დავუშვათ ან იოზვიაკი იტყუება, ან რაღაც სხვასთან გვაქვს საქმე. ჩვენ აღარ ჩავაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში არავის, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, აწი თუ ვინმე მხარს დაგვიჭერს, ჯერ ვიკითხავთ ხოლმე, მადლობა რამე უხერხულობას ან  პრობლემას ხომ არ შეუქმნის და ამის შემდეგ გადავუხდით ხოლმე მადლობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ბრიუსელში ბიუროკრატები ცუდ რაღაცებს აკეთებენ, ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროინტეგრაციას უხეში ფორმით“.

„არ ვიცი, რამხელა იყო ინტერვალი, მაგრამ წარმოიდგინეთ, ერთი საათის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით სამი საკმაოდ ძლიერი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კოორდინირებულად გამოაქვეყნეს განცხადებები. მე მგონი, დასკვნის გამოტანა ადვილია, მეტ სიღრმეში აღარ შევალ“, – განაცხადა მან.

მოგვიანებით მდინარაძემ განაცხადა:

„გუშინ თავად ავრცელებდნენ ინფორმაციას სხვადასხვა ღია წყაროებში, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვა ქვეყნები, იხსენა ლუქსემბურგი თუ ლიხტენშტენინი, იხსენა რუმინეთი და ასე შემდეგ, გადავამოწმეთ და ის 5 ქვეყანა, რუმინეთზე რაც 100%-იანი მახსოვს, არა ლუქსემბურგი, უკაცრავად, რუმინეთი, ლიხტენშტეინი, ასევე იყო ესპანეთზე და იტალიაზეც ინფორმაცია, გადამოწმდა ეს ინფორმაციები, გადამოწმებისა და დასტურის შემდეგ მადლობა გადაუხადა საქართველომ და მისმა პრემიერ-მინისტრმა, და ერთმანეთის მიყოლებით ერთი საათის განმავლობაში უარყვეს ეს ინფორმაცია.

სხვებს დავანებოთ, სხვადასხვა წყაროებში რომ იყო მიმოფანტული, იოზვიაკმა, რომელიც ავრცელებს წინსწრებით მინიმუმ რამდენიმე საათით ადრე ინფორმაციას და შემდეგ ყოველთვის დასტურდება ხოლმე, რუმინეთი ახსენა თუ არა, ამას მაინც ხომ მიდასტურებთ, რუმინეთი ახსენა, რა მოხდა მაშინ მოიტყუა?! იმ შეხვედრიდან არასწორი ინფორმაცია გამოტანა, დააბრალა რუმინეთს ევროპულმა ბიურომ ამ მედიასაშუალების, თუ შემდეგ რუმინეთთან კომუნიკაციით მოხდა ისეთი რაღაც, რამაც აიძულა რუმინეთის ოფიციალური უწყება, რომ უარყოფა მოეხდინა ამის და შემდეგ ეს წავიდა გავრცელდა იტალიაზე, ესპანეთზეც, რა მოხდა ასეთი?!“

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღეს რიკარდ იოზვიაკმა პირველი ტვიტი დაწერა მანამდე, სანამ შეხვედრის შედეგი იქნებოდა ცნობილი, შემდეგ კი დაწერა, რა გადაწყვეტილება მიიღეს საგარეო მინისტრებმა:

„საქართველოს შესახებ მინისტრების დებატები დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს სანქციები. ევროკომისია დააყენებს წინადადებას დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე“.

საბოლოო გადაწყვეტილებამდე იოზვაკი წერდა, რომ ხელისუფლების სანქცირების წინააღმდეგი უნგრეთი და რამდენიმე ქვეყანა იყო:

„ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას დღეს არ დაასანქცირებს. უნგრეთი და რამდენიმე ქვეყანა ამის წინააღმდეგია“, – იოზვიაკს ამ პოსტის ქვეშ ჰკითხეს, ვის გულისხმობს სხვა ქვეყნებში, რაზეც იოზვიაკმა უპასუხა, რომ გულისხმობს სლოვაკეთს და რუმინეთს.


„ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა ხუთ ქვეყანას, რომლებმაც, მისი თქმით, ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე – ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი.

იმავე საღამოს იტალიამ, ესპანეთმა და რუმინეთმა ეს ინფორმაცია უარყვეს.