„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეზე ამბობს, რომ თუ „შემოთვლები და თავდებობა“ სჭირდება, პირობები საჯაროდ დაასახელა და „შეურაცხყოფას უნდა დაანებონ თავი“.
„ძალიან ბინძური სახე მიიღო, იმ ადამიანს იყენებენ რაღაც პოლიტიკურ თამაშებში, ხან რაღაცას დააწერინებენ, ხან დედა სხვა ინტერესებს შვილის ინტერესებზე წინ დააყენებს, და ასე შემდეგ, პოლიტიკურ ინტერესს, წარმოუდგენელია ჩემთვის, მაგრამ ჩემი საქმე არ არის, რაც უნდათ ის ქნან. მაგრამ მაშინ შემოთვლებს თავი დაანებონ და ჩამოყალიბდნენ, ან გამართლებაზე იზრუნონ, თუ მართალია უნდა გამართლეს, თუ მტყუანია, მაგ შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ ან ერთი გზა უნდა აირჩიონ, ან მეორე გზა უნდა აირჩიონ, ჩამოყალიბდნენ რა უნდათ, ამ გზას თუ ირჩევენ შეურაცხყოფისას, მაშინ შემოთვლებს უნდა დაანებონ თავი, თუ შემოთვლები და თავდებობა სჭირდებათ და დახმარება სჭირდებათ, მაშინ ამის პირობები გადავეცი საჯაროდ, და მაშინ შეურაცხყოფას უნდა დაანებონ თავი და ჩამოყალიბდნენ. ამის იქით მე ამაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენებ რამდენიმე ათეულ ადამიანს შეიძლება ითქვას“, – თქვა მდინარაძემ.
მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ანდრო ჭიჭინაძე კარგი მსახიობია, ბევრი საერთო ახლობელი და მეგობარი აღმოაჩნდა და რომ შეუძლია თავდებში ჩაუდგეს თუ „გაითავისებს რა ჩაიდინა“ და „რაში იღებდა მონაწილეობას“. მისივე თქმით, არა მხოლოდ ის, არამედ „ოცნების“ სხვა წევრებიც მზად არიან უშუამდგომლონ.
ანდრო ჭიჭინაძემ მდინარაძეს ციხიდან წერილით უპასუხა და დაწერა: „მამუ, ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ“.
მდინარაძის კომენტარს გამოეხმაურა ჭიჭინაძის დედაც, ლიკა გუნცაძემ დაწერა: „მამუკა ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!“.
მსახიობს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევეაში, მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.