მდინარაძე: ჩვენი თავის ატკივება ჯობია ახლა, ვიდრე ოქტომბერში ისეთის, რასაც ქვეყანა ვერ გადაიტანს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, მამუკა მდინარაძე რუსულ კანონზე საუბრის დროს აცხადებს, რომ ახლა მათი „თავის ატკივება ჯობია”, ვიდრე ოქტომბერში „ისეთ თავის ატკივებას, რომელსაც ქვეყანა ვერ გადაიტანს”. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს ისაუბრა.

„ჩვენი თავის ატკივება ჯობია ახლა, ვიდრე ოქტომბერში ქვეყნის ისეთი თავის ატკივებას, რომელსაც ქვეყანა ვერ გადაიტანს. ქვეყანა იმ თავის ტკივილს, რომელსაც ჩვენ ახლა რასაც ვაკეთებთ, ამით ვაზღვევთ, ვეღარ გადაიტანდა”, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.