„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ოცნების“ მიერ შექმნილი კომისიის გამოძიებაზე დადგინდა, რომ „ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე.“
ასევე, მდინარაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, არ გააფრთხილა კოდორის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა, რითაც სიკვდილისთვის გაწირა საკუთარი ქვეყნის ათასობით მოქალაქე.“
ის ასევე წერს, რომ ენმ-მ „ომიდან ორი თვის თავზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც: აღიარეს ომის დაწყება და ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული“.
„შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანწუხელიძის სახელს ეფარებიან, არიან ანწუხელიძისა და სხვა გმირი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების მხარდამჭერები, რუსების სასარგებლოდ!“, – წერს მდინარაძე. ამ განცხადებით ის გამოეხმაურა გავრცელებულ სქრინს, რომელშიც ჩანს, რომ მოქალაქეს აგინებს და შეურაცხყოფას აყენებს.
2008 წლის ომის დაწყების თარიღზე განსხვავებული პოზიცია აქვთ საქართველოსა და რუსეთს, რომელიც მაშინ შემოიჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე.
საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ ომი ცხინვალის რეგიონში 7 აგვისტოს რუსეთის სამხედრო შენაერთების შემოსვლით დაიწყო, რადგან მტკიცებულებები ადასტურებს, რომ უცხო ქვეყნის ძალებმა ნების საწინააღმდეგოდ სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი.
2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს.
რუსეთის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ომი საქართველოს ხელისუფლებამ 7 აგვისტოს ღამით „მძინარე ცხინვალზე“ თავდასხმით დაიწყო. რუსული სცენარით, სწორედ ცხინვალზე თავდასხმას უპასუხეს მათ 8 აგვისტოს ინტერვენციით და „მშვიდობის იძულებით“.
ცხინვალის ბამომბვის შესახებ რუსული ნარატივი გაიმეორა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმაც, რომელსაც გენერალმა, მამუკა ყურაშვილმა უპასუხა, რომ ქართველმა სამხედროებმა საარტილერიო ცეცხლი სინამდვილეში ცხინვალთან ახლოს მტრის საცეცხლე პოზიციებს გაუხსნეს, საიდანაც ქართული სოფლები იბომბებოდა.
კომისიის სხდომაზე გენერალმა მამუკა ყურაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ქალაქი ცხინვალი არ დაუბომბავთ, დაიბომბა ცხინვალიდან 2-3 კილომეტრით მოშორებული მდებარე სოფლები კუსირეთი და კვერნეთი.
თუმცა რუსეთის მხარდაჭერით ოსური ფორმირებები 7 აგვისტომდეც აქტიურად ესხმოდნენ თავს ქართულ სოფლებსა და ქართული სამშვიდობო ძალების პოზიციებს.
რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, ასევე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა მოგვიანებით აღიარეს, რომ რუსეთის მთავრობამ საქართველოში შეჭრა 2006 წლის ბოლოს დაგეგმა, რათა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისთვის შეეშალათ ხელი.
2023 წელს ტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა.
2022 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა.
ამავე წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამი ადამიანის: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა.