მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე განაცხადა, რომ მას უკვირს უფრო მეტი რომ არ თქვა კობახიძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, ჟურნალისტების უმძიმესი პროვოკაციები რთული მოსათმენია. ის ამბობს, რომ მასაც უმძიმს ამის მოთმენა. მან კომენტარის გაკეთებისას თავადაც შეურაცხმყოფელი ფრაზები გამოიყენა ჟურნალისტების მიმართ.
„ირაკლიმაც მოითმინა შეძლებისდაგვარად. ათჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა… თქვენ კითხვა არ დასვით, თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს, უმძიმესი ფორმით მიაყენეთ ეს უმძიმესი შეურაცხყოფა… თქვენ ბრძანდებით, ჩემი აზრით, კრემლის სასარგებლო იდიოტები…
მან მოგითმინათ კიდევ, მე თუ მკითხავთ. პოლიტიკოსი რომ არ ყოფილიყო, მე მგონია, რომ გაცილებით მძიმე სიტყვებს დაიმსახურებდით, მაგრამ პოლიტიკოსია და მაგიტომ მოგითმინათ… თქვენ ხართ ფსკერს ქვემოთ, ჟურნალისტები აღარ ხართ”, – განაცხადა მდინარაძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა. ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტები შეკითხვებს უსვამდნენ. მან „მთავარი არხის“ შეკითხვაზე საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი და სექსისტური ფრაზებით მიმართა.