„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის გეგმას გამოეხმაურა:
„დღეს ზედმეტი გულწრფელობის ხასიათზე ვარ რაღაცნაირად და პირველი რეაქცია იცით რა მქონდა ამაზე? [პრეზიდენტის გეგმაზე] აი, ჩემს მეგობრებს, კოლეგებს რაც ვუთხარი აქ, აქ ვისმენდით პარტიის ოფისში, გუშინ აქ ვიყავით, ვმუშაობდით… პირველი რეაქცია მქონდა, ისე რომ გავგიჟდეთ და დავეთანხმოთ, მერე რას აპირებენ-მეთქი? ახლა რომ არჩევნები ჩავატაროთ, ხომ გარანტირებულად იმ ხმებსაც ვერ მიიღებენ, სიგიჟეა, აბსურდია, წარმოუდგენელია, მაგრამ ერთი წამით თეორიულ დონეზე, ხუმრობის დონეზე რომ დავუშვათ, რომ გავგიჟდეთ ახლა, მოდი, ჩავატაროთ ახალი არჩევნები-მეთქი. ხომ გამორიცხულია, რომ ეს ხმებიც მიიღონ. რასაც ითხოვენ, ყველაზე ცუდ სიზმარში მაგის დაშვებაც კი ვერ წარმოუდგენიათ“, – განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას, მდინარაძე ამტკიცებს, რომ სარჩელის შეტანა პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას ვერ შეაფერხებს.
ამავე საკითხზე კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე წერს, რომ სანამ დეპუტატების არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია, მათ უფლებამოსილების ცნობისთვის არჩეულ დეპუტატთა სიაში ვერ შეიყვანენ. პრეზიდენტის სარჩელით 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერებაა გასაჩივრებული.
სალომე ზურაბიშვილმა 18 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა და პოლიტიკურ აქტორებს კრიზისიდან გამოსვლის გეგმა შესთავაზა.
გეგმა გულისხმობს ახალ არჩევნებს თუმცა მანდამდე საარჩევნო ადმინისტრაციის, კანონმდებლობის, სასამართლოს საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანას; ახალი არჩევნების მიღებამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის გაგრძელება.