მდინარაძე განმარტავს, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი „ოცნების“ საპარლამენტო სიაში

პუბლიკა

„ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო სიაში ჩაეწერა, ამ არჩევნების მნიშვნელობაა.

მისი თქმით, გამორიცხულია, ივანიშვილმა პრეზიდენტის პოსტი ან სხვა თანამდებობა დაიკავოს, რადგან მას თანამდებობა არ აინტერესებს და ეს დაამტკიცა მაშინ, როცა პრემიერის პოსტი დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.

მისი თქმით, სიაში ივანიშვილის ყოფნამ უნდა გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხი.

„შემიძლია, აბსოლუტურად გამოვრიცხო, რომ [ივანიშვილი] პრეზიდენტი იქნება ან ა.შ… რა თანამდებობა და რა ბიძინა ივანიშვილი, რაში აინტერესებს საერთოდ? […]

ამ არჩევნების მნიშვნელობაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა და გუნდმა გადაწყვიტა, რომ ის იყოს პირველი ნომერი. ამაშია რეალობა, პრაქტიკულობა, საარჩევნო მიზნები, მნიშვნელობის მინიჭების მიზნები, სიმბოლიზმი, ამაშია ხაზგასმაც, ყველაფერი ამაშია. ეს გამომდინარეობს მნიშვნელობის მინიჭებიდან… ქუდი რომ დავიხუროთ და სახლში დავსხდეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოვიპოვებთ დღეს, პირდაპირ გეუბნებით, შეიძლება, ვერ მოვიპოვოთ, მაგრამ ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არაა, მაგრამ ქვეყნის გადარჩენის ინტერესი ემთხვევა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ინტერესს, აქ უფრო მეტი და მყარი გარანტიაა“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. მათ შორის საპარლამენტო გუნდის რამდენიმე ახალი წევრია.