„ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, „ოცნების“ პარლამენტი მიმდინარე კვირას კანონში შეიტანს ცვლილებას, რომლითაც „საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხი გამარტივდება”.
„ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას“. – ამბობს მამუკა მდინარაძე.
„ქართული ოცნება“ შესაძლოა, საჯარო სექტორის სხვადასხვა უწყების იმ თანამშრომლებს ემუქრებოდეს, რომლებმაც გააპროტესტეს ევროინტეგრაციის შეჩერება და, ასევე, დაგმეს საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ძალადობა.
მაგალითად, თბილისის მერი კახა კალაძე ორჯერ დაემუქრა მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც საპროტესტო განცხადებას მოაწერეს ხელი.
„საბოტაჟის ეს მცდელობა, მერწმუნეთ, არ დარჩება პასუხგაუცემელი. რა თქმა უნდა, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. ეს ასე იქნება, მერწმუნეთ“, – თქვა კახა კალაძემ 4 დეკემბერს.
მერიის თანამშრომლების საპროტესტო განცხადებას კალაძე 1 დეკემბერსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მერიაში გამოცხადდა რეორგანიზაცია, „ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა“.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება და ქმედებები დაგმო ასობით ადამიანმა სხვადასხვა სამინისტროდან და სამსახურიდან, გავრცელდა არაერთი შესაბამისი განცხადება.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ნებისმიერი საჯარო მოსამსახურის ძალისხმევა, მათ შორის, განცხადება, რომელიც ემსახურება კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას, არ უნდა გახდეს მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძველი.
ორგანიზაციებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ „პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია“.
იურისტები გასცემენ რეკომენდაციას, არ დაემორჩილონ ხელმძღვანელი პირების იძულებას, თავად დაწერონ განცხადებები სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ასევე, რეკომენდაციაა მუქარის დოკუმენტირება, სახალხო დამცველისა და იურისტებისთვის მიმართვა.